29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულები საბოლოო გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაელოდებიან

4 საათიანი წინასასამართლო სხდომის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ნაწილზე არსებითი განხილვა იწყება. დღეს მოსამართლემ 6 არასრულწლოვანთან დაკავშირებით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. გადაიხედა აღკვეთის ღონისძიების ფორმაც და ის უცვლელი დარჩა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას ბრალდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაელოდებიან. 

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობების ნაწილი დააკმაყოფილა, ნაწილი კი არა - მოსამართლის გადაწყვეტილებით გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის ჩვენებები საქმეში რჩება.

არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მისი შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა.

როგორც არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ჩვენებებს სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაუშვებლად ცნობდა, ამის მოლოდინი მათ არც ჰქონდათ.

"არავის არ ჰქონდა ასევე იმის მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიებით შეუცვლიდა იგივე მოსამართლე, რომელმაც მას დაპატიმრება შეუფარდა. აქედან გამომდინარე, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ და დაიკითხებიან საქმის არსებითი განხილვის დროს როგორც ამირხანაშვილი, ასევე ახვლედიანი," - აცხადებს უფლებადამცველი.

არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატის ზაქარია გვიშიანის თქმით, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე დააკმაყოფილა.

"ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე. ამის შემდეგ განხილულ იქნა საკითხი სისხლის-სამართლის საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის თაობაზე, რა დროსაც ყველა ადვოკატს ჰქონდა შუამდგომლობა დევნის შეწყვეტის თაობაზე, რადგანაც არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს," - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და არაობიექტური იყო, ვინაიდან საქმეში გიორგი მერაბიშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

შუამდგომლობების შესახებ განჩინების გამოცხადების შემდეგ მოსამართლის წინაშე დაცვის მხარემ წარადგინა კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტას გულისხმობდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თავად პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მოსამართლის მხრიდან დაკმაყოფილებული რჩება. პროკურორის თქმით,  საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულები საპატიმროში დარჩნენ.

"სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემისათვის. სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარმომადგენლების პოზიცია, დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. არ იქნა შეწყვეტილი დევნა არც ერთი ბრალდებულის მიმართ. ამ ნაწილში ასევე გაზიარებული იქნა სრულად და საქმე გადაცემულია არსებითად განსახილველად ექვსივე ბრალდებულთან მიმართებაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული პირების მიერ იყო ჩადენილი ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისად არსებობს იმის გონივრული მოლოდინი, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი," - განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

დღის ამბები