29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
საქმის მასალებში ჩვენებებით მტკიცდება, რომ ოპერაცია იტალიელმა ექიმმა ჩაატარა - თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტი

"დღის კურიერის" ეთერში თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტი ნუცა ბურდილაძე აცხადებს, რომ ოპერაციაში იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი ნამდვილად მონაწილეობდა და ეს არ იყო ტყუილი. 

მისი თქმით, მეორე ოპერაცია ანესთეზიის ეტაპს არ გასცდენია, რადგან პაციენტის მდგომარეობა ანესთეზიის დროს დამძიმდა.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თითქოსდა პაციენტზე ზეწოლა ხდებოდა და მას მოატყუეს, რომ იტალიელი სპეციალისტები განახორციელებდნენ სამედიცინო ჩარევას, სიმართლეს არ შეესაბამება. იტალიელი და ქართველი ექიმების პროექტი წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. იტალიიდან ჩამოდიოდნენ წამყვანი დარგის სპეციალისტები და ატარებდნენ სხვადასხვა ოპერაციას, მათ შორის, იყო ეს ოპერაციაც, რომელიც ახლა სადაო გახდა. კონკრეტული პირები არსებობენ, რომლებიც ამ ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის, არის ექიმი რობერტო აგაცი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა, როგორც პირველ, ასევე მეორე ოპერაციას. ესწრებოდაში იგულისხმება, რომ მან ჩაატარა ეს ოპერაცია. ოპერაციას ატარებს ჯგუფი და ის იყო უშუალოდ ამ ოპერაციაში ჩართული.

საქმის მასალებში ჩვენებებით მტკიცდება, რომ იტალიელმა ექიმმა ჩაატარა ეს ოპერაცია. მტკიცებულებები სასამართლოს აქვს მიწოდებული და შესაბამისად, ეს იქნება სასამართლო განხილვის პროცესშიც.

იმის გამო, რომ ანესთეზიის ეტაპზე გართულდა პაციენტის მდგომარეობა ბოლო ოპერაციაზე ქირურგიული ჩარევა ვეღარ განხორციელდა და ანესთეზიის ეტაპს ვერ გასცდა ოპერაცია. ანესთეზია ჩაატარა ანესთეზიოლოგმა, რომელსაც ახლა ბრალი აქვს წარდგენილი. მას ჰქონდა სერტიფიკატი, ის საქართველოში და იტალიაში მოღვაწეობდა,"- განაცხადა ნუცა ბურდილაძემ.

დღის ამბები