29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
78 დაღუპული და 4 ათასზე მეტი დაშავებული - ბეირუთში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა

78 დაღუპული და 4 ათასზე მეტი დაშავებული - ბოლო მონაცემებით, ასეთია ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგები. ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა. ლიბანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაწესდა 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობა.

ქვეყნის დედაქალაქის პორტთან ძლიერი აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 6 საათზე მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით კვიპროსზეც. დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

ცნობილია, რომ ზარალის შესამცირებლად მთავრობა 66 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამ ეტაპზე, ​მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ფაქტს მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ლიბანელ ხალხს ტვიტერზე მიუსამძიმრა. ბეირუთს დახმარება შესთავაზა ზოგიერთმა სახელმწიფომაც, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა.

დღის ამბები