29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
დადგება თუ არა საფრთხის ქვეშ თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციის შეთანხმება და არსებობდა თუ არა ის საერთოდ - რა განცხადებები კეთდება ოპოზიციაში

დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ოპოზიციის შეთანხმება დედაქალაქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე?! რეგიონების კანდიდატებთან დაკავშირებით, ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პარტიებს შორის ერთიანი პოზიცია მხოლოდ საარჩევნო მოდელის ცვლილებებზე არსებობდა და შეთანხმება საერთო კანდიდატების ყოლას არ გულისხმობდა. გოცირიძე იმასაც აკონკრეტებს, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება საერთო ფორმატს სცდება.

ამ კომენტარის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში რომან გოცირიძეს კიდევ მოუხდა განმარტების გაკეთება საკუთარ განცხადებაზე. ხომ არ არღვევს "ნაციონალური მოძრაობა" უკვე მეორედ პირობას და საკუთარი კანდიდატების დაყენებას თბილისშიც გეგმავს?

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია დარჩენილ ორ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას?! "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ უკვე მიღწეულ შეთანხმებას საფრთხე ვერ დაემუქრება და ეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული.

შეთანხმების ჩაშლას გამორიცხავენ "ლეიბორისტულ" და ნინო ბურჯანაძის პარტიებშიც, განსაკუთრებით კი უკვე შეთანხმებულ ოლქებში. ახლა პოლიტიკური ძალები ცდილობენ ერთიანი პოზიცია საბურთალოსა და დიდუბის შემთხვევაშიც შეინარჩუნონ და საერთო კანდიდატების დაყენება მოახერხონ. მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში კი ყველა პარტიას საკუთარი კანდიდატურა ეყოლება.

საერთო შეთანხმების მომხრეა პარტია "ლელო", მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ოლქში კანდიდატებს დამოუკიდებლად ასახელებს.

საბურთალო არ არის იმ ოლქებს შორის, რომელშიც საერთო მაჟორიტარების დაყენებაზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე კონსულტაციების მონაწილე ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ამ ოლქში აპირებს კენჭისყრას ალეკო ელისაშვილი. პარტიის დღევანდელ პრეზენტაციაზე ელისაშვილმა თავად დაადასტურა, რომ კენჭს სწორედ საბურთალოზე იყრის.

დღის ამბები