29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზა დასრულდა - ოჯახი საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზა დასრულდა. ახალგაზრდა ქალის კომპიუტერში მხოლოდ მისი პირადი ფოტო და ვიდეო მასალა ინახებოდა, არ არსებობს სოციალური ქსელის აპლიკაციები, შესაბამისად, რა სახის მიმოწერა ჰქონდა ბაჩალიაშვილს, ჯერ კიდევ უცნობია. ფოტო და ვიდეო კადრების გარდა, ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა სხვა სახის მასალა, რაც ადვოკატს აფიქრებინებს, რომ გამოძიებამ საჭირო ინფორმაცია კომპიუტერიდან წაშალა.

მიხეილ რამიშვილს ჯერ კიდევ აინტერესებს, ჰქონდათ თუ არა გამომძიებლებს კომპიუტერთან შეხება იმ დროს, როცა 23 წლის ქალს ჯერ კიდევ ეძებდნენ. ექსპერტიზით დადგინდა, რომ კომპიუტერი ბოლოს 18 ივნისს, დილის საათებში გამოიყენეს, იმ დღეს, როდესაც ბაჩალიაშვილის კვალი გაქრა.

ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ცნობილია, თუმცა, ოჯახის მოთხოვნა უცვლელი რჩება - ისინი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ბაჩალიაშვილები დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც შეიკრიბნენ. ელჩის წარმომადგენელს მშობლებმა მათი შვილის გარდაცვალების საქმეზე დეტალები გააცნეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახს დღეს საპროტესტო აქციაზე სოლიდარობა შვილმკვდარმა მამამ - მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გამოუცხადა. მასთან ერთად აქციაზე იყვნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქმე ობიექტურად გამოიძიოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ბაჩალიაშვილის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ შვილს თავი არ მოუკლავს. მოთხოვნა უცვლელი აქვთ, გამოძიებამ ის პირები უნდა გამოკვეთოს, ვინც მათი შვილის გარდაცვალებაში მონაწილეობდა. საქმის დეტალებზე საუბარი მათ პრემიერ-მინისტრთან სურდათ, მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციიდან ბაჩალიაშვილებს არავინ დაუკავშირდა. 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ჯერ უცნობია, როდის ჩაუტარდება ექსპერტიზა იმ მანქანას, რომლითაც პროგრამისტი გადაადგილდებოდა. საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, ახალგაზრდა ქალი მოკლეს, თუ თავი მოიკლა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები