29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა და წამალი ჯერაც არ არსებობს - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ახალ რეალობასთან ადაპტირებას ურჩევენ

კაცობრიობა უკვე მეშვიდე თვეა, ახალ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას ცდილობს. მცდელობის მიუხედავად, ჯერ არ არსებობს წამალი, რომელსაც ვირუსის წინააღმდეგ გამოვიყენებთ. არსებობს მხოლოდ პროგნოზი, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლოსთვის შეიქმნება. მანამდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას, ახალ რეალობასთან ადაპტირებას ურჩევს.

სპეციალისტების განმარტებით, იმ ვითარებაში, როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით. მართალია, ბოლო რამდენიმე დღეში ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელი დაბალია, თუმცა მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ფაქტმა ვირუსის დამარცხების ილუზია არ უნდა შექმნას.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად აუცილებელია შესაბამისი გამოცდილება, თუმცა შვიდი თვე ვირუსის სრულად შესასწავლად და ამ გამოცდილების დასაგროვებლად საკმარისი არ არის. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ ბუნდოვანებას კოვიდ19-თან დაკავშირებით, ვირუსის შეუსწავლელი ბუნება განაპირობებს.

რა გველოდება უახლოეს მომავალში და მოხდება თუ არა ინფიცირების შემთხვევების ზრდა? ინფექციონისტებსა და ეპიდემიოლოგებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა შემოდგომაზე ინფიცირების შემთხვევების ზრდას არ გამორიცხავენ.

დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში, 1 182 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა და 962 გახდა. კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 241 პაციენტი განაგრძობს.

დღის ამბები