29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ამოიღებენ თუ არა შაქარაშვილის საქმიდან ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ჩვენებებს - არასრულწლოვანის ადვოკატი ეჭვობს, რომ მათ ჩვენებები შეცვალეს

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. წინასასამართლო სხდომაზე მან გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის ჩვენებების საქმიდან ამოღება მოითხოვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაზარალებულებმა ახალ ჩვენებში არაფერი დააზუსტეს. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ განახლდება, რა დროსაც გაირკვევა კიდევ ერთი გადაწყვეტილება - დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე სოფიო ლეჟავა ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდებულების დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ძალადობის, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გურამ ამირხანაშვილია. მას თავისუფლება "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა აღუკვეთეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ მცხეთიდან თბილისში წამოიყვანეს. 23-ტომიან საქმეში დაზარალებულის 4 ჩვენება დევს, დაზარალებული თეთრ პერანგიანი ვახო ახვლედიანის კი - სამი. ადვოკატი ამბობს, რომ ნაცემ ახვლედიანს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არ მიუცია და მან მხოლოდ დეტალები დააზუსტა.

ე.წ. ოქროს მოწმედ, დაზარალებულების გარდა შეიძლება ბრალდებული ზ.ხ.-ც ჩაითვალოს, რომელმაც გამოძიებას დაპირისპირების დეტალები უამბო. მისი ადვოკატისა და კანონიერი წარმდგენლის მტკიცებით, არასრულწლოვანმა ეს სკანდალური ჩვენება მცხეთის პოლიციას გამომძიებლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ მისცა. ამის შესახებ ზ.ხ-ს ოჯახი არასრულწლოვანის დაკავების შემდეგ ალაპარაკდა. ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

რა მტკიცებულებებს დატოვებს მოსამართლე საქმეში, ხვალ გაირკვევა. ნ.ც.-ს ადვოკატიც გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც ამბობს, რომ არასრულწოვანი გამოძიებასთან თანამშრომლობს, მაგრამ წარდგენილ ბრალდებას, რომელიც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, არ იზიარებს. არჩილ ბერიანიძის განცხადებით, კოლეგების მსგავსად, მისთვისაც მიუღებელია გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის ახალი ჩვენებების შინაარსი და მიიჩნევს, რომ დაზარალებულებმა ჩვენებების შინაარსი შეცვალეს.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლისგან ბრალდებულების მიმართ დევნის შეწყვეტის მოლოდინშია ახლა უკვე სრულწლოვანი გიორგი მერაბიშვილის ადვოკატიც. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ძალადობის ორგანიზებაში და ხელმძღვანელობაში მერაბიშვილს მონაწილეობა არ მიუღია. ადვოკატის თქმით, ამირხანაშვილმა და ახვლედიანმა გამოძიების სასარგებლო ჩვენებები მისცეს, რაც კითხვებს უჩენს.

6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა ხვალ, 2 საათზე განახლდება. სრულწოვნების პროცესი კი მცხეთაში 31 აგვისტოს გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დღეს გამომძიებლის კითხვებს გიორგი შაქარაშვილისა და გურამ ამირხანაშვილის მეგობრები პასუხობდნენ .

დღის ამბები