29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა" - ნინო ქადაგიძე-ჟვანია ლევან თოფაძის ოჯახს ბოდიშს უხდის

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალდებული ბუსა ჟვანიას დედა ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაზარალებულის ოჯახს ბოდიშს უხდის. ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ აღნიშნა, რომ მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა ასეთი მძიმე ბრალდებით. 

ნინო ჟვანია კატეგორიულად უარყოფს დაზარალებულ მხარესთან სავარაუდო მორიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

"ჯერ ეს ერთი, ის მინდა ვთქვა, რომ მთავარი ჩემთვის რაც იყო, რომ ბავშვი გადარჩა და ჯანმრთელადაა და მადლობა ღმერთს. ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს. მეორე არის ის, რომ მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის და ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა. მესამე მინდა ვთქვა ის, რომ პასუხისმგებლობას ჩვენ რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. მიმდინარეობს გამოძიება, ახლა გამოვიხედეთ თვალში, იმიტომ რომ იცით ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით ყველა. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა მგონია, რომ ეს, რომ დაუმძიმეს ბრალი, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა მგონია რომ ასე," - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს ბესარიონ ჟვანიას პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. პროცედურა ღამის 10 საათისთვის საავადმყოფოში შედგა, სადაც თავად ბრალდებული მკურნალობდა. ვინ დაჭრა ის მუცლის არეში - ამაზე არავინ საუბრობს.

დღის ამბები