29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
დაკავებული ექიმები ბრალს არ აღიარებენ - "კურიერმა" იმ დანაშაულის დეტალები გაარკვია, რის გამოც პროკურატურამ ორი პირი დააკავა

"კურიერმა" იმ დანაშაულის დეტალები გაარკვია, რომლის გამოც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ამავე კლინიკის ერთი თანამშრომელი დააკავეს.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია და გამოძიების ვერსიით, მიზეზი ექიმების შეცდომაა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტი აცხადებს, რომ როდესაც იტალიელი სპეციალისტები საქართველოში ჩამოდიოდნენ და ოპერაციას ატარებდნენ, ეს ცნობილი იყო თავად პაციენტისთვისაც.

"დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა. ისინი არაერთგზის ოპერაციას აკეთებდნენ ძალიან წარმატებულად. როდესაც ისინი ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, ეს ცნობილი იყო იმისათვის, ვინც ოპერაციას იკეთებდა. შესაბამისად, არ ვეთანხმებით წაყენებულ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს ვადაში სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს,"- აცხადებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტი ნუცა ბურდულაძე.

დაკავებული ექიმების ადვოკატი კი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ, რადგან პაციენტისთვის არასწორი მოლოდინები არავის შეუქმნია. იტალიელი სპეციალისტები საქართველოში არაერთხელ არიან ნამყოფები,"- აღნიშნავს დაკავებული ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი.

2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. მხარეების წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ახალგაზრდა ქალის მონაცემები გაგზავნილი იყო იტალიაში და ოპერაციასაც მოწვეული სპეციალისტი ჩაატარებდა.

საბოლოოდ კი, საოპერაციო ბლოკში იმყოფებოდა შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ორი პირი. დაშვებული შეცდომების გამო, პაციენტის მდგომარეობა გართულდა და ის ამ დრომდე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია.

ამ დაწესებულების დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს გულგრილობას ედავებიან, მასთან ერთად დაკავებულს - თაღლითობასა და უკანონო საქმიანობას. იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, იძებნება ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა. ის საქართველოში არ იმყოფება.

 

დღის ამბები