29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალი წარედგინა - ბრალდების წარდგენა ხეჩინაშვილის კლინიკაში მოხდა

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარედგინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე  მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები  მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა  და   უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.  

ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 3 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები