29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო უსაფრთხოების საკითხი გათვალისწინებულია და დღეს იქ საცობს ვერ ნახავთ - მაია ბითაძე

დაბნეული მძღოლები და საათიანი საცობები - საგზაო მოძრაობა ვაკეში, რომელიც ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა.

რამ გამოიწვია პრობლემა, არასწორი დაგეგმარება თუ ინფორმაციის ნაკლებობა - "დღის კურიერის" ეთერში  სწორედ ამ საკითხებზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა. 

"ჩვენი პრიორიტეტი იყო სატრანსპორტო პოლიტიკა და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ბუნებრივია, ამ მიზანმა გაამართლა. ჭავჭავაძის რეაბილიტაცია დაპროექტებულია შესაბამისი კვლევების მიხედვით და ელექტრონულ პროგრამებზე დაყრდნობით. ასევე, ჩვენ სამი მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლის მიხედვითაც დაპროექტებულია მთელი თბილისი თავისი 10 ძირითადი დერეფნით და ზუსტად გვაქვს ეს გათვლილი იმ ავტობუსებზე, რომლებმაც ქალაქში უნდა იარონ. თუმცა, ამისათვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული ჩარევებიც

პრობლემა ჭავჭავაძის გამზირზე შეიქმნა შაბათ დღეს და ჩვენ მანამდე განვაცხადეთ, რომ ეს დღე იყო ტესტური რეჟიმი. პრობლემა გამოწვეული იყო პირველ რიგში იმით, რომ მძღოლებს ახალი სქემებით მოუწიათ გადაადგილება. თუმცა, დღეს რომ გავიაროთ იქ, საცობს ვეღარ ვნახავთ,"- განაცხადა მაია ბითაძემ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ავტობუსებს იმის გამო, რომ კარებები მარჯვნივ აქვთ, საპირისპირო ავტომობილების მოძრაობის საწინააღმდეგოდ უწევთ გადასვლა ეპიზოდურად, გამოყოფილ ზოლზე, რათა სავალი ნაწილის შუაგულში აშენებულ მოსაცდელს მოერგონ.

ქმნის თუ არა ეს უსაფრთხოების დამატებით საფრთხეს? - ამ შეკითხვაზე მერის მოადგილემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების პრობლემა არ არსებობს. 

"არ არსებობს უსაფრთხოების პრობლემა. ავტობუსები საკუთარ ზოლში გადაადგილდებიან. მათი მარშრუტის ხანგრძლივობა, 25 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდა. მგზავრთა უსაფრთხოებისთვის არის გაკეთებული ის, რომ გაჩერების ორივე მხარეს არის შუქნიშანი და ფეხით გადასასვლელი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სიურეალიზმის ჟანრიდან გვესმის გარკვეული შფოთვები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ექსპერტს, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას, ან საერთოდ არ იცის როგორ დგება სატრანსპორტო მოძრაობის თანამედროვე სქემები - ამ კონკრეტული გზის დაპროექტებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისად, გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების საკითხი. ვიმეორებ, დღეს ჭავჭავაძის გამზირზე საცობი არ ყოფილა, იქ აბსოლუტურად თავისუფალი მოძრაობაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის მიხედვით, შშმ პირებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული,"- განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება სექტემბრის თქვეს, რომელიც საგზაო მოძრობის კუთხით ყოველთვის დატვირთულია, ამაზე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მათ სექტემბრის არ ეშინიათ, რადგან ნაკადები პიკის საათშია დათვლილი. 

დღის ამბები