29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალკეულად განხილვა არ იქნებოდა სწორი, რადგან მან შემდეგ დააზუსტა საკუთარი განცხადება - თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთპიროვნულ გამარჯვებასთან დაკავშირებით გააკეთა. ბოკუჩავას თქმით, ტერმინი ერთპიროვნული კონტექსტიდან ამოგლეჯილად და ოპოზიციის ერთობის რღვევის მოწოდებად არ უნდა იყოს აღქმული. თინა ბოკუჩავას განცხადებითვე, სააკაშვილმა თავის დროზე საერთო ოპოზიციური სიის საკითხიც დააყენა, რომელიც ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის, შესაძლებლობას მისცემდა სიის ქვეშაც კი გაერთიანებულიყვნენ.

როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, საკუთარი მაჟორიტარების დაყენება რეგიონში ოპოზიციურ ერთიანობას ხელს არ უშლის, იმიტომ, რომ არსებობს მეორე ტურის შესაძლებლობა, სადაც ბოკუჩავას მოსაზრებით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რა თქმა უნდა ერთმანეთის კანდიდატებს უნდა დაუჭირონ მხარი.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, მან შემდეგ დააკონკრეტა, რომ ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც დააკომპლექტებს შემდეგ მთავრობას. შეიძლება ყველა ადამიანმა განსხვავებული კონკრეტული ტერმინოლოგია გამოიყენოს, მაგრამ ის, რომ თუნდაც მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ამ ერთობისა, ამაზე მეტყველებს თუნდა ის ფაქტი, რომ მან დააყენა საკითხი საერთო ოპოზიციური სიის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის, სიის ქვეშაც კი გავერთიანებულიყავით.

მე ვფიქრობ, რომ ამის კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალკეულად განხილვა არ იქნებოდა სწორი, იმიტომ, რომ მან შემდეგ დააზუსტა საკუთარი განცხადება და ასევე ჩვენც მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება მაქსიმალურად და თუნდაც საკუთარი მაჟორიტარების დაყენება რეგიონებში ამას ნამდვილად არ უშლის ხელს, იმიტომ, რომ არსებობს მეორე ტურის შესაძლებლობა, სადაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რა თქმა უნდა ერთმანეთის კანდიდატებს უნდა დაუჭირონ მხარი, მაგრამ უმთავრესი რამ ამ არჩევნებისთვის და ივანიშვილისთვის წერტილის დასმისთვის იქნება 31 ოქტომბრის ღამე, როდესაც ოთარ კახიძის პარტიის ლიდერები, ჩემი პარტიის ლიდერები და სხვა ოპოზიციური ლიდერები ერთად დავდგებით იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ივანიშვილის 8 წლიანი რეჟიმის დასრულება და მისი ხელისუფლებიდან გაშვება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები