29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
საკალმახე "ადმირალის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კამერები 4 წელია არ მუშაობს, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს კი მოატყუეს

რა ინფორმაცია შესაძლოა ჰქონდეს საკალმახე "ადმირალის" ადმინისტრაციას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - ობიექტის წარმომადგენლები "კურიერთან" კიდევ ერთ განმარტებას აკეთებენ. მათი პოზიცია ისევ უცვლელია და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც გარე სათვალთვალო კამერები მწყობრიდან გამოსულია და შესაბამისად ფირზე არაფერია აღბეჭდილი.

მათივე მტკიცებით, გუშინ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მთავარ კითხვას, რატომ აკეთებს აქცენტს დაზარალებული მხარე სწორედ საკალმახეს ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერებზე - "ადმირალის" ადმინისტრაციას თავისივე ახსნა-განმარტება აქვს.

"არ მუშაობს კამერები აქ უკვე 4 წელია. ეს ინფორმაცია იმიტომ გავრცელდა, რომ ოჯახის იურისტმა თქვა ტყუილი. იყო მოსული, არც თქვა ვინ არის, რა არის და იკითხა კამერები. სინამდვილე ის არის, რომ ეს ადამიანი რომ მოვიდა, არც იკითხა, ვინ არის მენეჯერი აქ, პასუხისმგებელი ადამიანი. ასევე, არც ის თქვა თვითონ ვინ არის. როცა ადამიანი კითხულობს, რისთვის არის ეს კამერები და იწერს თუ არა, საეჭვო კითხვაა და ვუთხარით, რომ მუშაობს. რომ ეთქვა, ადვოკატია და საქმეს იძიებს, ჩვენც დავეხმარებოდით და ვეტყოდით, რომ ეს კამერები ჩაჭრილია 4 წლის უკან. გამომძიებლები იყვნენ და ექსპერტიც იყო, ვინც ეს ყველაფერი დაასურათა,"- განაცხადა საკალმახეს წარმომადგენელმა "კურიერთან" საუბრისას.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ საკალმახის სათვალთვალო კამერები მუშაობდა და ჩანაწერები განზრახ წაშალეს. თეონა თამაზაშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიებას უნდობლობას გამოუცხადებს. 

"ყველა მარკეტს აქვს კამერა თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მით უმეტეს, ასეთი დიდი დონის საკალმახეს არ უნდა ჰქონოდა 4 წელი კამერები? 4 წლის მონაცემები სპეციალურად წაშალეს და ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ხელს აფარებენ რაღაცებს.

რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნას - არც არავინ დამკავშირებია, არც ტელეფონზე, არანაირი კომუნიკაციით, არც პრესცენტრი. არ ვიცი, ალბათ უბრალოდ იგნორს მიკეთებენ. ალბათ, ჩვეულებრივ მოკვდავთან რატომ უნდა მივიდეს პრემიერ-მინისტრი?! კი ბატონო, მისი გადასაწყვეტია. ბოლო დღეა, ვითხოვ, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება, შემხვდეს, რომ ნდობა გამოვუცხადო, რომ ნამდვილად იქნება ჩემის შვილის საქმე გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან უნდობლობას ვუცხადებ,"- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები