29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
2019 წელს 21 დეპუტატს საერთოდ არ ჩაურთავს მიკროფონი - TI-ს კვლევა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

ერთ-ერთი მიმართულება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით პრობლემურია, უკავშირდება მთავრობის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე. როგორც შესწავლილ მასალაშია აღნიშნული, გასულ წელს პარლამენტში 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პრობლემებთან ერთად პოზიტიურ მოვლენებზეც ისაუბრა. 

"მას შემდეგ, რაც მიიღეს ახალი რეგლამენტი, ცხადია, ამან პოზიტიური მოვლენების განვითარება გვანახა საქართვლოს პარლამენტში. ჩვენ ვნახეთ, რომ ახალმა რეგლამენტმა მეტი უფლებამოსილება მისცა საქართველოს პარლამენტს იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა. ძალიან გამარტივდა საგამოძიებო კომისიების შექმნა და ესეც არის პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯი. გავრილოვის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში იყო ძალიან პრობლემატური რამ, რამაც გამოიწვია შემდეგ ის მოვლენები, რაც ჩვენ ვნახეთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი გვაძლევდა საშუალებას შექმნილიყო საგამოძიებო კომისიები, საგამოძიებო კომისიები არ შექმნილა საქართველოს პარლამენტში,"-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში 21 დეპუტატს საერთოდ არ უსარგებლია სიტყვით გამოსვლის უფლებით. 

"მინისტრებმა ძალიან ბევრ შემთხვევაში უარი თქვეს მისულიყვნენ კომიტეტის სხდომებზე მაშინ, როცა ეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა მოიწვიეს. კვლავ მაღალია იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ სიტყვით გამოსვლით უფლებით. 2019 წელს 21 დეპუტატს საერთოდ არ ჩაურთავს მიკროფონი და არ გამოსულა პლენარულ სხდომებზე. საკმაოდ ხშირი იყო გაცდენების შემთხვევებიც და არაერთ დეპუტატს დაექვითა ხელფასი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის შენობაში შესვლა,"-განაცხადა ლიკა საჯაიამ.

დღის ამბები