29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კამერების ახალ ჩანაწერებს ელოდება - ადვოკატის ვარაუდით, შესაძლოა ამ მასალამ ბევრი ახალი გარემოება გამოკვეთოს

სოფელ ტბისის საკალმახედან, სადაც სასტუმრო და რესტორანია განთავსებული, დღეს გამომძიებლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ობიექტი იმ ადგილიდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მიაგნე, სდაახლოებით ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა "კურიერთან" განმარტებების გაკეთება არ ისურვეს და არც იმის შეფასება გაუკეთებიათ, რამდენად ფასეული შეიძლება იყოს გამოძიებისთვის მათ მიერ გადაღებული კადრები. 

ადვოკატი ირწმუნება, რომ საკალმახე "ადმირალის" ჩანაწერების გარდა პოლიციას ამ დრომდე არც ამ ლოკაციიდან მაწევანისკენ მიმავალ გზაზე დამონტაჟებული საგზაო კამერების მასალა ამოუღია. ასეთი კამერა გზაზე მინიმუმ სამ ადგილას არის დამონტაჟებული და ყველა მათგანი თბილისთან დამაკავშირებელ გზას აკონტროლებს. მიხეილ რამიშვილის შეფასებით, ახალმა კადრებმა შესაძლოა მინიმუმ მეტი სიცხადე შეიტანოს გადაადგილების მარშრუტების და დროების განსაზღვრაში. 

არსებობს თუ არა წინასწარი ინფორმაცია ჩანაწერების შინაარსის შესახებ, ადვოკატი არ აკონკრეტებს. ვიდრე ახალ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გახდებოდა ცნობილი, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე ძველი და ახალი მოთხოვნით მივიდნენ.

ოჯახი დაინტერესდა მუშაობდა თუ არა კრიმინალური პოლიცია მედიით გავრცელებულ ვერსიაზე, რომლის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილს მაღალჩინოსნების შესახებ კომპრომატები ჩაუვარდა ხელში და ამის გამო ზეწოლის მსხვერპლი გახდა. უწყების დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ ამ ვერსიას გამოძიება სერიოზულად არ განიხილავს.

გარდა იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი გახსნეს, გამოძიების შედეგების შესახებ ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

დაზარალებული მხარე ამოღებული საგზაო კამერების, ასევე დრონების მასალას და სატელეფონო ანძების ამონაწერს ამ დრომდე არ გაცნობია. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ავტომობილის დათვალიერება. გამომძიებლები ამბობენ, რომ მეტი დრო ჭირდებათ, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების მისაღებად.

კიდევ ერთი დაპირება საგამოძიებო უწყებისგან, რომ საქმე სწრაფი ტემპით წარიმართება, ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. მეტი ნდობისთვის გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ დღეს​ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან პირადი შეხვედრა მოითხოვა.

დღის ამბები