ვაკის პოლიციაში დაკითხვები დაიწყო. ამ წუთებში სამართალდამცველებს ის პირი ხვდება, რომელმაც დაჭრილი ლევან თოფაძე კლინიკაში გადაიყვანა.
"ორი საათია დაკითხვა მიმდინარეობს. დაგვირეკეს და მოვედით. იმის შემდეგ არაფერს გვეუბნებიან. გაგებაში არ ვარ რა მოხდა. გამოვა და ყველაფერს მოყვება ალბათ. დილით გავიღვიძე, სახლში არ იყო, ლევანიკო თოფაძის ძმაკაცია,"- უთხრა "კურიერს" მოწმის ძმამ.
საავადმყოფოში იმყოფებოდა გოგი თოფაძეც, რომელმაც მედიასთან მომხდარის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ლევან თოფაძე სახლში მეგობრებთან ერთად გვიან ღამით დაბრუნდა, რა დროსაც ერთ-ერთ სტუმარ ქალს მამაკაცმა დაურეკა. ამის შემდეგ ეს პირი მათთან სახლში მივიდა და მისი შვილიშვილი დაჭრა.
თოფაძეს დანით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, მას საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულის მხარის ვერსია.
"ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია, ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იყო მძიმე. რა ვითარებაში მოხდა გარემოებების შესახებ, ვიდრე დაზარალებულად არ გვცნობენ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვის არეშია, ცივი იარაღით არის მიყენებული. ხარისხი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ განისაზღვრება," - აცხადებს ლევან თოფაძის ადვოკატი გიორგი ანთაძე.
ამასთან, "კურიერის" ინფორმაციით, იმავე კლინიკაში იმყოფებოდა ეჭვმიტანილი ბუსა ჟვანიაც, რომელიც სავარაუდოდ სწორედ საავადმყოფოში დააკავეს.
შეგახსნებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, ასევე დაჭრილია და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.