რაჭაში სტიქიის შედეგად ჩამოშლილი გზის მონაკვეთებზე დროებითი გზების მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოების შედეგად, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრში, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა. მძიმე ტექნიკა აგრძელებს 128-ე და 129-ე კმ-ზე დროებითი გზის მოწყობისა და გეოდეზიური სამუშაოებს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში კი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
"უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად.
სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.
ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, რათა საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი.
სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, "ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,"- ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.