29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
სურამში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული თავის შეურაცხადად წარმოჩენას ცდილობს - მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატი

დაბა სურამში, მეუღლის მიერ მოკლული 3 შვილის დედის ოჯახის ადვოკატის, ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს, რასაც ადვოკატებიც უწყობენ ხელს.

ადვოკატ ნიკოლოზ წულეისკირის თქმით, ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება მოწმობს იმაზე, რომ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

"მინდა მოგახსენოთ სურამში 6 ივლისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც ქმარმა საკუთარი მეუღლე მოკლა. აღნიშნული პიროვნება დღეის მდგომარეობით ცდილობს თავი წარმოადგინოს, როგორც შეურაცხადი, ანუ ადვოკატები და თვითონ მისი ქმედებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმართულია იმისკენ, რომ წარმოჩინდეს თითქოს ეს პიროვნება არის შეურაცხადი.

თუმცა, საქმეში წარმოდგენილი შესაძლო მტკიცებულებები და ასევე ფაქტობრივი მტკიცებულებები საპირისპიროს მოწმობს. შესაძლებელია, ვთქვათ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება იყო სრულიდ გაცნობიერებული და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩადენის მომენტში აღნიშნული პიროვნება იყო შერაცხადი. ამ საკითხის დასადგენად ექსპერტიზა რამდენიმე დღეში ჩაინიშნება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას გარკვეულ წრეებში ჰყავს თანამდებობის პირები და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ ვინმე შეეცდება, რომ გამოძიებაში შეიტანოს რაიმე ცვლილება, რაიმე სახით ჩაფარცხოს აღნიშნული საქმე ან ნებისმიერი საშუალებით ექსპერტიზაზე მოახდინოს ზეგავლენა, ჩვენ ყველა ამ პიროვნებას ვამხელთ. ოჯახის წევრებს გააჩნიათ შესაძლო რესურსი, რომ ჩვენ მოვიწვიოთ უცხოეთიდან ექსპერტები და ალტერნატიულ ექსპერტიზებს ჩავნიშნავთ საჭიროების შემთხვევაში," - განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა.

შეგახსენებთ, გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს.

დანაშაულის ფაქტი მიმდინარე წლის 6 ივლისს, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.

დღის ამბები