29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
რაჭაში, სტიქიის ზონაში გარესამყაროს მოწყვეტილ 5 სოფელს ექიმები მოემსახურებიან

რაჭაში, სტიქიის ზონაში, გარესამყაროს მოწყვეტილ 5 სოფელს ექიმები მოემსახურებიან.

ექიმები სტიქიის შედეგად გზის გარეშე დარჩენილ სოფლებში ვერტმფრენების საშუალებით გადაიყვანეს და ადგილზე იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე სოფლებთან საავტომობილო კომუნიკაცია არ აღდგება.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით სიახლეა ისიც, რომ პატარა და დიდ ღებს შორის საგზაო კომუნიკაცია აღდგა. გარდა ამისა, საავტომობილო გზის აღდგენამდე გარესამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობას მოძრავი მაღაზია მოემსახურება.

სტიქიის ზონაში, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ამ დრომდე 700-მდე სასურსათო ამანათი დარიგდა.

სპეციალისტები აქტიურად საქმიანობენ მოწყვეტილ სოფლებთან დროებითი საავტომობილო კომუნიკაციის დასამყარებლად.

"გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებისთვის გადაწყდა, რომ გაგვეგზავნა ექიმები, რომლებიც მუდმივად იქნებიან ამ სოფლებში. ამასთან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტიქიის ზონაში, ვერტმფრენის მეშვეობით მოძრავი მაღაზია ორ-სამ დღეში ერთხელ გაიგზავნება და მოსახლეობას პროდუქტის შეძენის საშუალება ექნება,"- აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე.

 

დღის ამბები