29 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ის მზარდი მაჩვენებელია - ევროპას კი ვირუსთან ერთად, რეკორდულ სიცხესთან გამკლავება უწევს

ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა - ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე პანდემიის პირველწყარო იყო, ინფექციასთან გამკლავება უკვე ხელმეორედ უწევთ. განვლილი კვირის განმავლობაში, მხოლოდ იაპონიამ ზედიზედ მეოთხეჯერ დაამყარა ანტირეკორდი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 1 323 ადამიანს დაუდგინდა. რთული მდგომარეობაა ჰონგ-კონგშიც, სადაც ინფიცირების შემთხვევების მზარდი დინამიკის გამო, საველე ჰოსპიტალის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

COVID-19-თან ერთად, სიცხესთან გამკლავება უწევს ევროპას. ბოლო 2 დღის განმავლობაში იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. მოსახლეობა გაუსაძლის სიცხეში პირბადის ტარებას აპროტესტებს და მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიკის გადახედვას სთხოვს.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსი 70 ათასზე მეტ ამერიკელს დაუდგინდა. ყველაზე ცხელი წერტილი ფლორიდაა, სადაც ერთ დღეში დაინფიცირებულთა რიცხვმა 9000-ს გადააჭარბა. საგანგაშო მონაცემების მიუხედავად, შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი, დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში მზად იქნება.

მზარდია სტატისტიკა ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. მხოლოდ ბრაზილიაში ვირუსის 53 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. რთული ვითარებაა არგენტინაში, მექსიკასა და პერუშიც. მექსიკაში გარდაცვლილთა რიცხვმა 47 ათას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეტალური შემთხვევებით მექსიკამ დიდ ბრიტანეთს გაუსწრო, რომელიც რუკაზე ამავე მონაცემებით მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

ვირუსის გავრცელების დინამიკა მზარდია ავსტრალიაშიც, სადაც ერთ დღეში 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ვიქტორიას შტატშია, ბოლო 24 საათში ვირუსი 397 ადამიანს დაუდგინდა.

ვირუსის გავრცელების დინამიკა მზარდია ავსტრალიაშიც, სადაც ერთ დღეში 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ვიქტორიას შტატშია, ბოლო 24 საათში ვირუსი 397 ადამინს დაუდგინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ზეგავლენას მსოფლიო მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც იგრძნობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, კვლავ დაინფიცირების რისკის წინაშეა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 6 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, სომხეთში კი - 291. აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 318-ს, უკრაინაში 1090-ს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი ათასამდე პაციენტს დაუდგინდა.

დღის ამბები