29 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - რა მასალები წაშალეს დაკავებულებმა საკუთარი ტელეფონებიდან

შაქარაშვილის საქმეზე გამორიცხული არაა, დაკავებულებიდან ექვსს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოს, არცერთი პირი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. საქმის მასალებში უკვე 23 ტომი დევს, ამოღებულია მობილური ტელეფონების ვიდეო და ფოტო მასალა, ასევე ელექტრონული მიმოწერები. ტელეფონებიდან ამოღებული ვიდეო მასალით კარგად ჩანს ბრალდებული ნაძალადეველების დამოკიდებულება კანონისა და საზოგადოების მიმართ.

რა იარაღია გამოყენებული კადრებში უცნობია, ეს კადრები გიგა ტატიაშვილის ტელეფონში ინახება. ასაკოვანი ქალის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა კი, არასრულწლოვნის მობილურ ტელეფონიდან არი ამოღებული. მძიმე კადრებს ინახავს ბრალდებულების ტელეფონები, მაგრამ ათასობით ფოტო და ვიდეო მასალაში არაფერია 18 ივნისის საბედისწერო წვეულების შესახებ. გამოძიება ვარაუდობს, რომ ყველა მათგანმა მიმოწერები, ვიდეო და ფოტომასალა წაშალა, სწორედ ამ მიზეზით ყველა ბრალდებულის ტელეფონს ტექნიკური ექსპერტიზა უტარდება. საექსპერტო ბიუროში ვერ მოხვდა ჩიქოვანის გამქრალი "სმარტ საათი" და ნიკა ჟვანის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგული ტელეფონი. რას მალავენ დაკავებულები - უცნობია, მაგრამ მათივე ჩვენებებში ბევრი უზუსტობა და კითხვის ნიშანი ჩნდება. მაგალითად, გიორგი მერაბიშვილსა და არასრულწლოვან ლ.შ. თითქმის იდენტური ჩვენებები აქვთ. ორივეს გამომძიებელი გიორგი ტარყაშვილი კითხავს. ჯერ მერაბიშვილი 4 საათი და 2 წუთი იკითხებოდა, შემდეგ კი, არასრულწლოვანი ლ.შ. მხოლოდ 55 წუთი. ორივე ჩვენებაში იდენტურია ჩამოთვლილი სახელების თანმიმდევრობა, გამოყენებული ჟარგონები, დროსა და შინაარსთან დაკავშირებული ფაქტების თხრობის მანერა და გრამატიკული შეცდომები. გამომძიებელი ორივე პირს ერთნაირი კითხვებს უსვამს. დააკოპირა თუ არა, მცხეთის გამომძიებელმა ჩვენებები, თუ მოზარდებმა იმოქმედეს შეთანხმებულად - უცნობია. ორივეს ადვოკატს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

გიორგი მერაბიშვილივი და ლ.შ, ის ორი ახალგაზრდაა, რომლებიც დიდი დაპირისპირების შემდეგ, მეგობრების ავტომობილებში ვერ ჩასხდნენ და თბილისში ვერ დაბრუნდნენ. ისინი აგარაკიდან გამოსულ გიორგი შაქარაშვილს, ვახო ახვლედიანს, კოკო ღიბრაძეს, იაკობ ბრეგვაძეს, გიორგი ქათამაძესა და გურამ ამირხანაშვილს ავტომაგისტრალზე შეხვდნენ. მათ ტელეფონის ნომერი გამოართვეს გიორგი ქათამაძეს, შემდეგ კი შორიახლოს გადაადგილდებოდნენ. არასრულწლოვანმა ლ.შ-მ ირაკლი მუმლაძეს დაურეკა და ჩვენებების მიხედვით, თბილისში წაყვანა სთხოვა, თუმცა სავარაუდოა, რომ არასრულწლოვნებმა მეგობრებს უთხრეს, რომ დაპირისპირებულ მხარეს შეხვდნენ და მათთან ახლოს გადაადგილდებოდნენ.

მერაბიშვილის ადვოკატმა "კურიერთან" განაცხადა, რომ არასრულწლოვნების ექვსეული, აგარაკში ჩხუბში მონაწილე პირებში შეეშალათ. სწორედ ამ შეცდომამ გამოიწვია, დიდი დაპირისპირება ცენტრალურ მაგისტრალზეც. "კურიერმა" გაარკვია, რომ გიორგი ქათამაძისთვის გამორთმეული ტელეფონის ნომერი მერაბიშვილმა, ვახო ჩიქოვანს მისცა. მერაბიშვილი ჩიქოვანთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, მაგრამ ავტომაგისტალის ინციდენტს და მასში მონაწილეობას ჩვენებაში აღიარებს.

იდენტური სიტყვებით აღწერს საკუთარ მონაწილებას ავტომაგისტრალის ინციდენტში არასრულწლოვანი ლ.შ. რის შემდეგაც მერაბიშვილი და ლ.შ. მერსედესის ავტომობილში ჯდებიან და აგარაკზე მეგობრებთან ერთად ბრუნდებიან. ლ.შ. არ ახსენებს არც მორაგბე ნიკა ჟვანიას, რომლმაც აგარაკზე კვალის წასაშლელად ხელები დაიბანა და არც მის რკინის ხელკეტს. ლ.შ არც იმას ამბობს, რომ დაპირისპირების შემდეგ, აგარაკზე წვეულების სტუმრების ძებნა განაგრძეს და მალავს, რომ თბილისში არა გიგა ტატიაშვილთან ერთად, არამედ ავტოსტოპით დაბრუნდა.

აგარაკზე "მერსედესის" 8 მგზავრი დაბრუნდა, იქიდან 2 ავტომაგისტრალიდან წამოყვანილი ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი იყო. დაპირისპირებული მხარის უშედეგო ძებნის შემდეგ, ტერიტორიაზე თენგო ბარბაქაძისა და ირაკლი მუმლაძის გარდა, ლ.შ. და ნ.ქ. დარჩნენ. ამის შესახებ თავის ჩვენებაში 8 პირიდან მხოლოდ ნ.ქ. არ მალავს. არასრულწლოვანი ყვება, რომ აგარაკიდან რამდენიმე საათი ბარბაქაძესთან და მუმლაძესთან ერთად ავტომობილში ისხდნენ, რის შემდეგაც ის და ლ.შ. ავტოსტოპით თბილისში დაბრუნდნენ. ამ ფაქტის ამსახველი კადრები საქმის მასალებშიც დევს. ნ.ქ ამბობს, რომ ქათამაძის ცემაში თავად არის ერთ-ერთი მონაწილე, მისი თქმით, ურტყეს პირს, რომელიც უბრალოდ ხელში მოხვდათ. მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ წვეულებიდან წამოსულებმა საქმე თბილისში მეთერთმეტე სკოლის მიმდებარედ გაარჩიეს და სწორედ ამის შემდეგ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

მეთერთმეტე სკოლის გარდა, საქმე ნაძალადეველებმა მეორე დღესაც გაარჩიეს. შეხვედრას ანი გაბეჩავას მამის რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა. ის რომ მხარეებმა 20 წუთი წინა ღამის დეტალები გაიარეს 23 ტომში ჩადებული ახალი ჩვენებებითაც ირკვევა. პირველი ამის შესახებ არასრულწლოვანმა ნ.ც.-მ ისაუბრა. ის 20 ივლისის გამოკითხვის ოქმში წერს, რომ გაბეჩავას ბიძას მეგობრებთან ერთად, შემთხვევით შეხვდა, შეხვედრას ანა გაბეჩავას კლასელები ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე, არასრულწლოვანი ლ.შ. და თავად ესწრებოდნენ. თუმცა, თავად იუბილარი გამოძიებასთან უარყოფს რომ წინა ღამის მომხდარი დიდუბეში განიხილეს. ცუცქირიძის ჩვენების მიხედვით, მან შაქარაშვილის გაუჩინარება ჯერ კიდევ წინა ღამეს იცოდა, მაგრამ საიდან გაიგო არ ახსოვს. ის აღიარებს, რომ გიორგი ქათამაძე ისე სცემეს და რომ მან ტკივილისგან გონება დაკარგა.

ყველაზე მძიმე შინაარსის არის დაბადების დღის დაუპატიჟებელი სტუმრის არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ჩვენება. საქმის ეს არასრულწლოვანი ბრალდებული, "ტოიოტა ქამრის" მგზავრია. ის ამბობს, რომ აგარაკიდან ისე წამოიყვანეს, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მისი თქმით, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღო და გოგონასთან ერთად მარიხუანა მოწია.

ის ღიად ასახელებს იმ სამ პიროვნებას, რომელიც გიორგი შაქარაშვილს ხიდის ქვეშ გაყვა და ეს თავგატეხილი ვახო ჩიქოვანი, არასრულწლოვანი ა.ქ და მორაგბე აჩიკო გაგნიძეა. მაგრამ, არასრულწლოვანის ადვოკატი ამბობს, რომ ეს ჩვენება ბრალდებულმა გამომძიებლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ მისცა, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ახალი ჩვენების მიცემასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას მანამ არ აპირებს, სანამ სახელმწიფო ინსპექტორი მოკვლევას არ დაასრულებს. მანმადე კი, ეს უმძიმესი ჩვენება, საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად რჩება, რომელიც ეჭვს აჩენს, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს 109 მუხლით ბრალს წარუდგენენ უფრო ამყარებს. მაგრამ საწინააღმდეგოს ამბობს, ვახო ახვლედიანის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მესამე პირი არა გაგნიძე, არამედ თავად არასრულწლოვანი ზ.ხ გამოდის. გამორიცხული არ არის, თავის გადასარჩენად არასრულწლოვანი იტყუებოდეს.

კაკი ქვრივიშვილი კი საკუთარ ჩვენებაში ზედაპირულად ყვება "ტოიოტა ქამრის" მგზავრების მხრიდან განხორცილებული თავდასხმის შესახებ, რომლის შემდეგაც ცოცხალი გიორგი შაქარაშვილი აღარავის უნახავს. ა.ქ. შესაძლოა ერთ-ერთი იყოს ვინც ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება.

რას მალავენ არასრულწლოვნები, რატომ არ ახსენებენ ნიკა ჟვანიას, რა კავშირი აქვს რკინის ხელკეტიან ბრალდებულს მომხდარი მკვლელობასთან და რატომ ჩამოვიდა "მერსედესი", "ტოიოტა ქამრის" შემდეგ თბილისში - ამ კითვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

საქმე ყოველდღიურად უფრო მეტად მოცულობითი ხდება. ბოლო ერთ კვირაში 17 ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება არ შეუცვალეს და ყველა პატიმრობაში დატოვეს. ყველა პირის ადვოკატი ამბობს, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ჩვენებები კი ბუნდოვანი და თითქმის არაფრის მთქმელია. 109 მუხლის წარსადგენად, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს, სულ უფრო ნაკლები დრო რჩევა. მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა ბრალდებულების გამოსავლენად გამოძიებას ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა.

დღის ამბები