29 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
მიიღო თუ არა რურუასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დამოუკიდებლად - ოპოზიციას და ხელისუფლებას კვლავ განსხვავებული შეფასებები აქვთ

გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როგორც თავად სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, გავლენას ვერავინ და ვერაფერი მოახდენს, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღო. პოლიტიკური პარტიები მმართველი გუნდს 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ და ხელისუფლებას მკაცრ საერთაშორისო კრიტიკას უწინასწარმეტყველებენ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება შერჩევითი სამართლისა და მოჩვენებითი პრინციპულობის მაგალითად შეაფასეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. პარტიებში აცხადებენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საერთაშორისო განცხადებების უგულებელყოფით ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს

მმართველი გუნდი საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტის დისკრეციული უფლებისგან მკაცრად მიჯნავს და აცხადებს, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად იღებს, ისევე როგორც, მათი თქმით, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

ის რაც იცოდნენ, კიდევ ერთხელ მოისმინეს პრეზიდენტისგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზურაბიშვილმა საკუთარი მტკიცე ტონით დაადასტურა, რომ საქართველოში პრეზიდენტის დამოუკიდებლობა კონსტიტუციურად გარანტირებულია.

ვიდრე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტის დოკუმენტის შესრულების სრულყოფილებაზე დავობენ, ამ შეთანხმების ძირითადი შედეგი უკვე ძალაშია. შეცვლილი საკონსტიტუციო რეალობით არჩევნების ჩატარებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

დღის ამბები