29 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ინტრიგების ძიებით არის დაკავებული - გიორგი მიქაუტაძე

ხმაური იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა პირველივე სხდომა გააცდინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

თამარ ღვამიჩავას დაუსწრებლობა  ნაზი ჯანეზაშვილმა გააპროტესტა​, რომლის თქმითაც, პრეზიდენტის წარმომადგენელი სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ერთ-ერთი წევრის ნათესავია.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმითვე, საუბარია ირაკლი შენგელიაზე, რომელიც ე.წ. კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

"თუ ამ ადამიანს აქვს პრეტენზია ღირებულებებზე, თუ იცის რას ნიშნავს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ის სხდომებს უნდა ესწრებოდეს და პასუხი გასცეს კრიტიკულ შეკითხვებს. იცნობს თუ არა ირაკლი შენგელიას და აქვს თუ არა მასთან რაიმე სახის ნათესაური კავშირი. ირაკლი შენგელია არის მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის არგუმენტები სუსტია და ის მხოლო და მხოლოდ ინტრიგების მოძიებით არის დაკავებული.

"ქალბატონი ნაზი ამ ეტაპზე ინტრიგების ძიებით არის დაკავებული. არასერიოზულია ამ სახით საუბარი, თუ აქვს ფაქტი ან მტკიცებულება წარადგინოს, მაგრამ რომ ჰქონდეს წარმოადგენდა. 

თუ ვინმე არ იყო, ყველას აქვს ამის მიზეზი. დღესაც ორი წევრი არ იყო, თუმცა ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია,"- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, საბჭოს სხდომაზე დღეს ათამდე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიმიტრი გვრიტიშვილის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამწესების საკითხი და ასევე ვასილ მშვენიერაძის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანის საკითხი.

დღის ამბები