29 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ბატონმა არჩილმა ნამდვილად მიმართა ბატონ პრემიერს გადადგომის სურვილით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება - მაია ცქიტიშვილი გუბერნატორის გადადგომაზე

იმ დროს, როცა რაჭაში სტიქიის მძიმე შედეგებს ებრძვიან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს. არჩილ ჯაფარიძე ჯერ კიდევ გუშინ აკეთებდა განცხადებებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს ვადებში დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს, თუმცა არაფერი უთქვამს, რომ პროცესს გაემიჯნებოდა და გადადგომას აპირებდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გუბერნატორის თანამდებობის დატოვების ფაქტს ადასტურებენ. ასევე ამბობენ იმასაც, რომ არჩილ ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.

დღეს ონში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მან ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე თვით ადრე იცოდა.

"გიდასტურებთ, ბატონმა არჩილმა ნამდვილად მიმართა ბატონ პრემიერს გადადგომის სურვილით. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მინდა გითხრათ, რომ მე ამ გადაწყვეტილების და მისი სურვილის თაობაზე დიდი ხანია უკვე მქონდა ინფორმაცია, ეს კოვიდამდეც იყო, თუმცა შემდგომში შეიკავა თავი წასვლისგან, რადგან მისი საკმაოდ აქტიური ჩართულობა იყო საჭირო. სამწუხაროდ ახლა სტიქიამაც მოგვისწრო.

ეს არის მისი გადაწყვეტილება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად მისი გუნდი, გუბერნიის ადმინისტრაციაც, უშუალოდ ონის მუნიციპალიტეტის მერიც და მისი სამსახურიც არის, როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან აქტიურ რეჟიმში ჩართული ამ პროცესში.

არ უკავშირდება არანაირ კონფლიქტს. ასევე ერთ-ერთი ვერსიაც მოვისმინე, თითქოს ეს სტიქიის ლიკვიდაციის პროცესსაც უკავშირდებოდეს და ამასაც არ უკავშირდება. ეს არის პირადი გადაწყვეტილება ბატონი არჩილის," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები