29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ჩხუბი ხულოს საკრებულოში - თავმჯდომარის მოადგილე და მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხულოს საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ აბაშიძეს სცემეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინციდენტში ფიგურირებს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, რომელთანაც აბაშიძეს უკვე წლებია უთანხმოება აქვს.

"კურიერის" ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ხულოს მერის კაბინეტში დაიწყო, რაც, მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბოლქვაძე ხულოს მაჟორიტარი დეპუტატია, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მაღალმთიანი აჭარიდან "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა კანდიდატად.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარად დასახელების საკითხი გახდა. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე ვერ ადასტურებს იმას, მონაწილეობდა თუ არა თავად ანზორ ბოლქვაძე ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა ამბობს, რომ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს ანზორ ბოლქვაძის გარემოცვის წევრები გაუსწორდნენ.

მომხდარ ინციდენტს უარყოფენ საკრებულოს შენობაში მომუშავე პირები.

იმ სამედიცინო დაწესებულების ექიმი, სადაც თამაზ აბაშიძე მკურნალობას გადიოდა აცხადებს, რომ პაციენტის ინფორმაციით, ის წაიქცა და დაზიანებაც ამის შედეგად მიიღო. პაციენტი ამ ეტაპზე ბინაზეა გაწერილი.

"კურიერი" თამაზ აბაშიძესაც ესაუბრა, როგორც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, მას ანზორ ბოლქვაძესთან უთანხმოება და დაპირისპირება არ აქვს და გარდა ამისა, დღესასწაულების დროს ისედაც ჩხუბისგან თავის შეკავება ხდება:

"ცოტა სახის არეში მქონდა დაზიანებები და მივედი ექიმთან, ეს ფაქტია, მაგრამ რაც შეეხება ანზორ ბოლქვაძე მე არ მინახავს და არც უთანხმოება გვაქვს, არც მის გარემოცვასთან და არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. აბსოლუტური სიცრუეა, ჩვენ აჭარლები, ხულოელები ბაირამ დღეებში ერთმანეთში  არ ვჩხუბობთ და არც ვკამათობთ, მით უმეტეს ანზორ ბოლქვაძე გუშინ საერთოდ არ იყო ხულოში,"- განაცხადა თამაზ აბაშიძემ.

ანზორ ბოლქვაძე ჩხუბის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს:

"ხულოში წუხელ ღამის 3 საათზე ჩამოვედი, ვიყავი კახეთში ტრენინგებზე, ეს არის ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაცია და არის აბსოლუტურად ტყუილი. ეს ხომ კინო არაა, რომ კახეთიდან ხულოში კაცი ვცემო," - აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.

დღის ამბები