29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
აქცია აჭარის ტელევიზიასთან - აქციის მონაწილეები 3 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ

აჭარის ტელევიზიის შენობასთან ტელეკომპანიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და პროფესიული კავშირის წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, არხის ხელმძღვანელობამ 3 თანამშრომელი შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე, დილის გადაცემის "დილის ტალღის" რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლა.

გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ ოფიციალურ არგუმენტად ხელმძღვანელობას მათ შორის მომხდარი დაპირისპირება მოჰყავს, თუმცა რეალურად, მათი გათავისუფლება განსხვავებული აზრის ქონას უკავშირდება და მათ წინააღმდეგ გატარებულ ზომებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნას უწოდებენ.

გათავისუფლებული თანამშრომლები და ალტერნატიული პროფკავშირები, ასევე, აპროტესტებენ იმასაც, რომ არხის ხელმძღვანელობამ მომხდარი კონფლიქტის კადრები ნებართვის გარეშე გაასაჯაროვა.

რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის პოზიციას, მათი განცხადებით, მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სხვა დისციპლინური სახდელის გამოყენება შეუძლებელი იყო.

დღის ამბები