ქეთი მატაბელის და გია გუგუშვილის კოლაბორაცია - უკვე დღეიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ორი არტისტის ერთობლივ ექსპოზიციას წარმოადგენს. ნამუშევრები თვითიზოლაციის პერიოდშია შექმნილი. სახლი - სახელოსნო - მუზეუმი - პანდემიის პერიოდში ქეთი მატაბელმა და გია გუგუშვილმა ამ ფორმულით იცხოვრეს. არტისტებმა რამდენიმეთვიან ჩაკეტილობაში თავისუფლების მოპოვება ხელოვნებასთან შეხებით შეძლეს. პირველად შედგა ორი მხატვრის ამ ტიპის კოლაბორაცია და კოვიდ 19-ის ეპოქაში მათ ერთობლივი ნამუშევრებიც კი შექმნეს. ახალი გამოფენის იდეა სწორედ ამის შემდეგ დაიბადა. ასე შეიქმნა, ქეთის და გიას ერთობლივი 70-მდე ფერწერული ტილო, რომელიც უკვე დღეიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა.
ნამუშევრებს შორის რამდენიმე დიდი ტილოა, ექსპოზიციაზე, ძირითადად, მცირე ზომის ფორმატებია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი პირველად იხილავს მხატვრების ერთობლივ ნამუშევრებს სათაურით "ბრტყელი სივრცე" - შერეული ტექნიკა, ზეთი. ეს არის 10 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც გია გუგუშვილმა ვერტიკალურ ფორმატზე იმუშავა.
შემოქმედებითი თანამშრომლობის იდეა, არც მეტი, არც ნაკლები - მათი სახლის სამზარეულოში გაჩნდა. ვინაიდან იზოლაციის დროს გამოკეტილები სწორედ იქ ატარებდნენ დროის უმეტეს ნაწილს, სახლი - სახელოსნო - მუზეუმი - პანდემიის პერიოდში ქეთი მატაბელმა და გია გუგუშვილმა ამ ფორმულით იცხოვრეს.
ერთობლივი ნამუშევრების სერიაში ქეთის ფოლიანტები, კოლაჟები და ასამბლაჟები გიას ფერით შეივსო. ეს არის დაუჯერებელი ისტორიები, სხვადასხვა საინტერესო ამბავი, ცირკის თემა და ყველაფერი მცირე ზომის ფორმატებზე გადატანილი. ეს ჯადოსნური მოგზაურობა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 1 თვე გასტანს.