29 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის 3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა - 600 დევნილი ოჯახისთვის დამატებით 5 კორპუსი შენდება

დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებამდე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ახალი ბინის მიღებას აფხაზეთიდან დევნილი კახაბერ შარია შვილების დასაბრუნებლად და ოჯახის მთლიანობის აღსადგენად ელოდება. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებლით დაკმაყოფილების იმედი აქვს. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში შარიების ოჯახი რამდენიმე წელია ცხოვრობს. ანალოგიური პრობლემები აქვთ ცაიშის სანატორიუმის სამრეცხაოს ყოფილ შენობაში განთავსებულ სხვა დევნილებსაც.

ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ნგრევად ობიექტებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი მიიღებს. 3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დღეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ეკატერინე ტიკარაძემ ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ზუგდიდში, დევნილი 600 ოჯახისთვის დამატებით 5 კორპუსი შენდება. ადგილზე საცხოვრებელ ფართს კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ. ჯამში, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 1 000-მდე დევნილი ოჯახი დაბინავდება.

დევნილთა გადაუდებელი სოციალური საჭიროებების შემდეგ, მინისტრი ქუთაისის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მუშაობას გაეცნო. ეკატერინე ტიკარაძემ ცენტრისთვის გადაცემული ახალი სპეცმანქანები დაათვალიერა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შეუფერხებლად მუშაობისთვის ტექნიკური აღჭურვის როლი გამოჰყო.

რეგიონებში ვიზიტი "ერთი თვე სამინისტროსთან ერთად" კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძე ხვალ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში განხორციელებულ ჯანდაცვის პროექტებს გაეცნობა.

დღის ამბები