გიორგი რურუა სასამართლომ ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. "მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ დარბაზი უკომენტაროდ დატოვა. უკვე მსჯავრდებული განაჩენს "ფეისბუქზე" ერთი წინადადებით გამოეხმაურა.
რურუას სასჯელს ხმაური მოჰყვა საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც მსჯავრდებულის ნათესავები აქციას მართავდნენ. მათთვის და რურუას უფლებადამცველებისათვის პატიმრობა მოულოდნელი არ ყოფილა. ადვოკატების თქმით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა.
პოლიტიკურ დევნაზე ბრალდების საპასუხოდ პროკურატურაში ამბობენ, რომ მოსამართლემ განაჩენი შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა. საქმის პროკურორი პატიმრობას ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
საქალაქო სასამართლოში პროცესს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ. ისინი პატიმრობას 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში განიხილავენ და დარწმუნებულები არიან, რომ პირობის დარღვევის გამო "ქართულ ოცნებაზე" საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება.
8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც. პოლონელმა პოლიტიკოსმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, გიორგი რურუა უგულავა-ოქრუაშვილის მსგავსად შეიწყალოს.
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა რურუა? მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს უფლება პრეზიდენტის დისკრეციაა და გადაწყვეტილებაც სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ რურუას პატიმრობა 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება.
გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის გამო მას იარაღი ჩაუდეს.