29 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ვის აქვს პრეტენზია, 2020 წელს საქართველოს რჩეული გახდეს - ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო

გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დასახელდა - მან საკუთარი თავი ამ პოსტზე ახალი გაერთიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე წარადგინა. სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა სამომავლო სტრატეგიაზე და 5 დაპირებაც გასცა.

"სტრატეგია აღმაშენებლმა" პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გაუჩინა უსაფრთხოების ექსპერტ თეონა აქუბარდიასა და ჯანდაცვის ექსპერტ სერგო ჩიხლაძესაც. პრეზენტაციას პარტნიორი პარტიებიდან არცერთი პოლიტიკოსი არ ესწრებოდა, ღონისძიებაზე მივიდა პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ დააფუძნეს, წინაასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად უკვე ჩაერთო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა და "მოძრაობა ხალხისთვის" დამფუძნებელმა ანა დოლიძემ საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დაასახელა. ამბობს, რომ მისთვის სტრატეგიული კონკურენტი სახელისუფლებო კანდიდატი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკია.

ამბობენ, რომ "გირჩი" საპარლამენტო სიის ათეულის დაკომპლექტებაში ისეთივე არაორდინარული და ორიგინალური იყო, როგორც პარტიული აქტივობისას. რჩეულების დასახელება პარტიის 5 000 მხარდამჭერს მიანდეს, პროპროციული სიის ათეულში მამაკაცებმა მოიყარეს თავი. კანონმდებლობით კი ამგვარი კონფიგურაცია დაუშვებელია. გამოსავალი პარტიისთვის ფორმალური სიის შედგენაა, რომელსაც ცესკოს წარუდგენენ.

"ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკური განქორწინების შემდეგ, ეკა ბესელია საარჩევნო სტრატეგიამ მცხეთამდე მიიყვანა. პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი ყოფილ თანაგუნდელებს, ამჯერად, უკვე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით დაუპირისპირდება, საპარალამენტო სიას კი უახლოეს დღეებში წარადგენს.

დედაქალაქსა და რეგიონებში კანდიდატების დასასახელებლად ემზადება "ოცნებიდან" წამოსული დეპუტატების კიდევ ერთი ნაწილი. "ჩვენი საქართველო" გეგმავს, რომ რჩეულები ჰყავდეს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მათი პარტიიდან საბურთალოს ოლქში ლევან გოგიჩაიშვილი იბრძოლებს.

აგვისტოს ბოლომდე, სავარაუდოდ, ყველა პოლიტიკური ძალა იტყვის, ვინ სად ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატად და რა საარჩევნო სიით წარდგება ამომრჩევლის წინაშე 2020-ის არჩევნებზე.

დღის ამბები