29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
სტიქია, რომლის მსგავსი 1991 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ რაჭას არ ახსოვს - ზარალის ოდენობა, დაახლოებით, 50 მლნ-ს შეადგენს

50 მილიონი ლარის ზარალი რაჭაში - აქედან მარტო 30 მილიონი რეგიონის გზების შეკეთებას დასჭირდება. ცენტრალური მაგისტრალი ფაქტობრივად განადგურებულია. 

კიდევ უფრო მძიმეა მდგომარეობა რაჭის მაღალმთიანეთში - სოფლებში, რომლებთანაც დაკავშირება უკვე მეორე დღეა შეუძლებელია. გრძელდება იმ ადამიანების გამოყვანა, რომლებმაც სოფლების დატოვება წყლის, ელექტროენერგიისა და გზის არარსებობის გამო ისურვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა დღის განმავლობაში 10-ზე მეტი რეისი შეასრულეს.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა რიონმა და მისმა შენაკადებმა სოფელ ნაკიეთში ერთ-ერთი ქარხანაც დააზარალეს. მოვარდნილი წყლის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ მძიმე ტექნიკა გაანადგურა.

მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სტიქიის სალიკვიდაციო, საგანგებო შტაბში. დაგეგმეს მომდევნო დღის სტრატეგია და სარეაბილიტაციო გეგმების ნუსხა. უკვე მიმდინარე სამუშაო - მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლას ეხება. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც სპეციალისტებს გზებისა და ხიდების შეკეთების დროულ საშუალებას მისცემს.

სტიქიის ზონას მთავრობის მეთაური პირადად ეწვია. გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დღესვე რაჭის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა, მათ შორის - ღარში, სადაც 2 დღის წინ ადიდებულმა რიონმა გზა ჩამოშალა და ონის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა დააზიანა. ქალაქისთვის წყლის მიწოდება ამ ეტაპზე ალტერნატიული გზებით ხდება. იწმინდება მდინარის კალაპოტი, რის შემდეგაც წყლის სისტემის და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.


ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა პრემიერის თქმით, თანხამ შესაძლოა 50 მილიონი შეადგინოს. ამასთან, თითქმის ერთი თვე, სტიქიის ზონის 4 სოფლის დამაკავშირებელი გზისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას დასჭირდება. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღების მიღმა არ დარჩება კურორტი შოვი. გახარია საოჯახო ტიპის სასტუმროების დახმარების პირობას დებს.

სოფლებთან, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარე სამყაროს იქნებიან მოწყვეტილი ე.წ "საბაგირო მაგისტრალები" მოეწყობა. ამ გზით ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნების და პროდუქტების მიწოდება გახდება შესაძლებელი.

სპეციალისტების შეფასებით, 1991 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ რაჭას ამ მასშტაბის სტიქია არ ახსოვს. ამაზე დაზარალებულ რეგიონში არსებული სურათი მეტყველებს.

დღის ამბები