29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ეს არის პირველი ასეთი ტიპის საჯარო პრაიმერიზი, არც ერთ პარტიას ამ ქვეყანაში არასოდეს ეგეთი რამ არ გაუკეთებია" - ზურაბ ჯაფარიძე 

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩი“ მიიჩნევს, რომ პარტიული სია უნიკალური და დემოკრატიული მეთოდით შეადგინა. საბჭოს წევრი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტი ქვეყანაში სხვა არც ერთი პარტიის მხრიდან არ მომხდარა.

პარტიული სია გირჩის 5 ათასამდე მხარდამჭერმა დააკომპლექტა, რომლებიც პარტიის პორტალზე არიან დარეგისტრირებული. 

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სია ფორმალურ საკანონმდებლო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რომლის თანახმადაც  ყველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ჯაფარიძე ამბობს, რომ "გირჩის" საბოლოო სია ის ათეული იქნება, რომელიც პრაიმერიზის მეშვეობით შეირჩა. 

"ეს არის პირველი ასეთი ტიპის ღია და საჯარო პრაიმერიზი. არც ერთ პარტიას ამ ქვეყანაში არასოდეს მსგავსი რამ არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სია არ აკმაყოფილებს ფორმალურ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს, რომ ყველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის, საბოლოო ჯამში, "გირჩის" პარტიული სია იქნება ეს. თუმცა, ცხადია, როდესაც სიას წარვადგენთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იქ ეს ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. ოღონდ ეს იქნება ფორმალური მოთხოვნა და მეტი არაფერი, საბოლოო ჯამში, პარლამენტში "გირჩიდან" შევლენ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ აქ ხედავთ. ჩემი აზრით, თუ ჩვენ ამ სიით შევალთ პარლამენტში, "გირჩს" ეყოლება საუკეთესო წარმომადგენლობა შედარებით ნებისმიერ სხვა პარტიასთან, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

განცხადება სიის შესახებ გააკეთა ათეულში მყოფმა ჰერმან საბომ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას შეძლებენ.  

"მთლად კმაყოფილი არ ვარ ამ სიით, მგონია რომ ჩემზე წინ უნდა ყოფილიყვნენ სხვა ადამიანები, მაგალითად იაგო ან ვახო, ან თუნდაც სანდრო რაქვიაშვილი, რომლებიც ობიექტურად, ჩემზე ბევრად უფრო კომპეტენტურები არიან, თუმცა ასეთია ის სისტემა, რომელიც შევქმენით. დარწმუნებული ვარ, რომ ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ჯერჯერობით არსებობს, მათი ხმების წამოღება შეგვიძლია იმის ჩვენებით, თუ როგორ ვუდგებით პოლიტიკას და ვსაუბრობთ არა იმაზე, ვინ უნდა წავიდეს და რატომ უნდა წავიდეს, არამედ იმაზე, თუ რა მოხდება, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება,“ - ამბობს  ჰერმან საბო.

"გირჩის" ათეული ასეთია : ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, სანდრო თარხან მოურავი, ამირან ტორონჯაძე, გიორგი ლომინაძე.

დღის ამბები