29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
რაჭაში 4 სოფელი ძალიან მძიმე დღეში რჩება და მის მთლიანად აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება - სოზარ სუბარი

რაჭაში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. სახიფათო ადგილებიდან ეტაპობრივად გამოჰყავთ მოქალაქეები ვერტმფრენებით.

აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური შტაბიც, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა.

"გზა გადაიკეტა, დენი არ არის. ჭიურაში ვნახეთ რომ 80 მეტრიანი მონაკვეთი ჩავარდნილია, ასფალტი წყდება და სადღაც შორს ხედავ მეორე მთაზე ხედავ ამ ადგილის გაგრძელებას. იმხელა მთა ჩამორეცხა მეწყერმა იმას როდის აღადგენენ რთული წარმოსადგენია,"- განაცხადა ადგილობრივმა 

პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ რაჭაში, 4 სოფელი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია. 

"სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ გზა სრულიად არ აღდგება. ძირითად სოფლებში კი მისასვლელი გზა რამდენიმე დღეში აღდგება, თუმცა 4 სოფელი ძალიან მძიმე დღეში რჩება და მის მთლიანად აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის ვარაუდით კი, სტიქიის ზონაში გზების აღდგენას, დაახლოებით 1 თვე დასჭირდება. 

"ხვალ დილიდან, როგორც კი იქნება საშუალება ყველა სოფელში გავა ჯგუფი, იქნება საშუალება, რომ შევისწავლოთ ზარალი, ვნახოთ თუ რა არის აღსადგენი და მოსახლეობას რაც დასჭირდება ამის მიწოდებას ჩვენ შეუფერხებლად განვახორციელებთ. გზების აღსადგენად, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ერთი თვე დაგვჭირდეს,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 

რაჭაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. მთავრობის მეთაურმა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.

პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში დახვდნენ საგანგებო შტაბის წევრები - პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მერი დავით ჩიკვაიძე, რომლებიც სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ესაუბრნენ.

გ​იორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.

დღის ამბები