29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა 50 მილიონ ლარამდე დასჭირდეს - გიორგი გახარია რაჭაში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტიქიის ზარალის ანაზღაურებას დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე დასჭირდება. 

"ადგილზე სრულყოფილი კავშირის აღდგენას ერთი თვე დასჭირდება. "ენერგო-პრო" გვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში შესაძლებელი იქნება ერთ კვირაში ელექტრომომარაგება აღდგეს. ყველა დაზარალებულ სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ორგანიზებულად მოხდება მათი მომარაგება საჭირო პროდუქტებით. მაგისტრალურ გზაზე არის ძალიან სერიოზული ჩამონგრევები, 4 ხიდი კი სრულიად აღსადგენია. ჩვენი პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები, დამატებით დაახლოებით 30 მილიონ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 მილიონ ლარამდე დასჭირდეს. დაზარალებულ ადამიანებს სამყაროსთან კავშირი შეზღუდული აქვთ. 

პატარა ღები, გოლოვო და შოვი - ეს ის სოფლებია, სადაც სამწუხაროდ 1 თვიანი მუშაობა მოგვიწევს გზის აღსადგენად. 

არის ადგილები, სადაც რამდენიმე მოსახლე რისკის ზონაში იმყოფება, ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში და მიიღებენ ყველასთვის უსაფრთხო გადაწყვეტილებებს. რაც შეეხებათ აქ მყოფ ტურისტებს, მათ სასტუმროებით მაქსიმალურად მივეხმარებით, რათა მათ დისკომფორტი არ განიცადონ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. მთავრობის მეთაურმა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.

პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში დახვდნენ საგანგებო შტაბის წევრები - პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მერი დავით ჩიკვაიძე, რომლებიც სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ესაუბრნენ.

გ​იორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.
 

დღის ამბები