29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს, ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების მიერ იმართებოდნენ

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ლევან ბარათელი, ესპანეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდის" ლაშა ბარათელის, მეტსახელად "ჭიას" ძმაა. სწორედ ძმებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გამოძიებისთვის, რის შემდეგაც თბილისში დაკავების ოპერაცია დაიგეგმა.

საუბრის მიხედვით, თბილისში მყოფი ლევან ბარათელი, ძმასთან ათანხმებს დეტალებს, როგორ უნდა მოხვდეს ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული თანხა, კრიმინალური ავტორიტეტების ხელში. იმ დროს, როცა ლევან ბარათელი უკანონო საქმიანობას ეწეოდა, ის თბილისში დროებით ნათესავთან ცხოვრობდა.

კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმების დანაშაულზე საუბარი უჭირთ სენაკშიც. იქ სადაც, წლებია ბარათელების ოჯახი ცხოვრობს. ერთადერთი რასაც "კურიერთან" ადასტურებენ კანონიერ ქურდებთან შემხებლობა და კავშირია.

ლევან ბარათელთან ერთად, დაკავებულია კობა კვარაცხელიაც, იგივე "ბაჯუნა". გამოძიების ვერსიით სწორედ ეს ორი პირი "კანონიერი ქურდების" დავალებით თბილისში ბიზნესმენებს თანხას სძალავდნენ. "კურიერმა" გაარკვია, რომ ოპერატიული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი დაზარალებულისგან მიიღო. ამის შემდეგ დაიგეგმა ფარული მოსმენა, რა დროსაც გამოძიებამ მოიპოვა ჩანაწერი, როგორ აიძულებდნენ მოქალაქეს თანხის დათმობას.

"ქურდული სამყაროს" წევრობის გარდა, მათ ასევე ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. არც ერთი დაკავებულები თავს დამნაშავედ ბრალის არც ერთ ნაწილში ცნობს.

ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ახალი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები