29 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
პროტესტი და საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვის მოთხოვნა - ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და მათი მხრიდან პირობის დარღვევაზე საუბრობს

პროტესტი, გამოძიების პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვის მოთხოვნა და შესაძლო გასაჩივრება - პასუხგაუცემელი კითხვების ფონზე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი უკმაყოფილებაზე ყოველდღიურად უფრო მეტს საუბრობს.

ამჯერად გარდაცვლილი გოგონას მამის პრეტენზიები დაკავშირებულია ინფორმაციასთან, რომელიც ადვოკატისგან მიიღო.

პირობის დარღვევას რომ, ბაჩალიაშვილის კომპიუტერისათვის ლუქი მისი თანდასწრებით უნდა მოეხსნათ, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან დაკავშირებულ ეპიზოდსაც უკავშირებს. საუბარია გოგონას მამის მონაყოლზე, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი მისი შვილის კომპიუტერის გახსნის და სერიოზული პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ ცხედრის პოვნამდე ატყობინებდა.

დღესვე მიხეილ რამიშვილმა, კიდევ ერთხელ დასვა კითხვა - რატომ არ ეძლევა ამ დრომდე საგზაო კამერების და დრონების მასალის, ასევე სატელეფონო საუბრების ამონაწერის გაცნობის შესაძლებლობა

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან დღემდე მხოლოდ ერთი შედეგია ცნობილი, რომ გოგონას პირადი კომპიუტერი გაიხსნა, თუმცა მასში შენახული ფაილების შინაარსის გაცნობას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

მხარეები ინტერესით ელოდებიან როდის გაშიფრავენ სპეციალისტები 23 წლის პროგრამისტის ტელეფონისა და სამუშაო კომპიუტერების დამცავ კოდებს. ჯერჯერობით დასკვნა არ დაუდია არც სამედიცინო ექსპერტიზას, რომელმაც გოგონას გარდაცვალების მიზეზები უნდა აღწეროს.

ექსპერტები დაათვალიერებენ ბაჩალიაშვილის ავტომობილსაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც ადვოკატის მოთხოვნა შემდეგია - ლუქის გახსნა და დათვალიერება მისი თანდასწრებით უნდა მოხდეს.

დღის ამბები