29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"კურიერმა" გაარკვია იმ ორივე პირის ვინაობა, ვინც პოლიციამ დააკავა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით

"კურიერმა" გაარკვია იმ ორივე პირის ვინაობა, ვინც პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავა.

ლაშა ბარათელის, მეტსახელად ჭიას ძმის, ლევან ბარათელის გარდა, დაკავებულია კობა კვარაცხელია, იგივე "ბაჯუნა". არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

"კურიერმა", ასევე, გაარკვია ის ადგილები, სადაც დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად ოპერაცია ჩატარდა.

დაკავებულების ადვოკატი ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და ჩანაწერი, რომელიც ამოღებულია, აუცილებელია, ექსპერტიზაზე გაიგზავნოს, რათა ავთენტურობა დადგინდეს. 

"წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობენ, სასამართლო გამოძიებით დადგინდება ავთენტურობა ხმა ეკუთვნის თუ არა ბრალდებულს. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, დამატებითი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ,"- განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს დაკავებულ წევრებს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი "კანონიერი ქურდების" მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, "კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაასაჯაროვა დანაშაულის ფარული ჩანაწერიც.

დღის ამბები