29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
კოლეგებს ვთხოვ, შევათანხმოთ მაჟორიტარი კანდიდატები, რათა ფრონტალური დარტყმა ვაგემოთ ოლიგარქიულ რეჟიმს - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციამ კანდიდატები ერთმანეთთან მაქსიმალურად უნდა შეათანხმოს.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ერთმა მაჟორიტარმა შეიძლება გადაწყვიტოს კოალიციური მთავრობის ბედი. 

"ეს არის ისეთი კარგი დასაწყისი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს რეგიონებში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთმა მაჟორიტარმა, შეიძლება, გადაწყვიტოს მომავალი კოალიციური მთავრობის ბედი. ერთმა მაჟორიტარმა - ან კორუმპირებულმა, ოლიგარქიულმა, სატელიტმა, ყურით სათრევმა, ფულის ტომარამ, შეიძლება დააბრუნოს ქვეყანა წარსულში ან ერთმა მაჟორიტარმა პარტიებში შეთანხმებულმა საერთო კანდიდატმა, შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანოს ამ სიბნელიდან.

ამიტომ, კოლეგებს დიდი პატივისცემით ვთხოვ, რომ განვიმსჭვალოთ იმით, რომ ეს არ არის პარტიული წინ დაჯექი-უკან დაჯექის საკითხი, ეს გახლავთ ქვეყნის მომავლის პრობლემა. მაქსიმალურად შევათანხმოთ მაჟორიტარი კანდიდატები სადაც ეს შესაძლებელია, რათა ფრონტალური დარტყმა ვაგემოთ ოლიგარქიულ რეჟიმს. ჯობია, პირველივე ტურში დავამთავროთ გველეშაპის არსებობა ჩვენს ქვეყანაში და ნუ გადავდებთ ამას სამეოროტუროდ,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია აპირებს კანდიდატების დაყენებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

"ვხედავთ, რომ არის ისევ რაღაც მაფიოზობანა და ცოტა დამითმე-ცოტას დაგითმობ. ამ პროცესის გამო ხალხს უბრალოდ ოპოზიციაზე და პოლიტიკოსებზე გული ერევა, იქამდე მიდის ეს ამბავი. ხალხი ცხოვრობს თავის რეალურ პრობლემებში, ბავშვებს რა ვაჭამოთ, წესიერი განათლება როგორ მივაღებინოთ, თავი როგორ გავიტანოთ ამ ქვეყანაში და ამ დროს გაუთავებელი კაკაფონია ოპოზიციის, რომ ცოტა დამითმე-ცოტას დაგითმობ, არ დამითმე-არ დაგითმობ. იმიტომაა ნიჰილიზმი, ყველამ თავის თავს ჰკითხოს, რატომ აქვს ხალხს ნიჰილიზმი პოლიტიკისადმი.

ვემზადებით, დავასახელებთ, სავარაუდოდ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენს კანდიდატებს,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები