29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად მუშაობა გრძელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.

ამ დროისათვის, მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.

არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

მთავრობის ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება სამუშაოები რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის დანაყოფის მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში მოქალაქეებს მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ.

სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩართული არიან თბილისის განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მაშველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან, სოფელ გლოლადან გამოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი სტიქიით დაზარალებულ სოფელში ტურისტულად იმყოფებოდა. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

დღის ამბები