29 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
გამოკითხულთა 55 პროცენტი დარწმუნებულია, რომ მორწმუნეები ინფიცირებისგან რწმენამ დაიცვა - NDI-ს კვლევა

COVID-19 და დეზინფორმაცია - ეს იყო საკვლევი თემა, რომლითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი დაინტერესდა. კვლევის ჩატარების მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა იყო. როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან და სოციალური ქსელებიდან იღებს. საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით კი მოსახლეობის 90% დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, 85% ხელისუფლებას, 73% მედიას, 61% კი ეკლესიას ენდობა.

კვლევის ფორმატში შეფასებულია მთავრობისა და ექიმების საქმიანობა პანდემიის პრევენციის კუთხით. გამოკითხული მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია. 17%-ის აზრით კი არსებული მდგომარეობა ჩვენი გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის მთავარ გზავნილებს იზიარებენ ექსპერტებიც. რომელთა შეფასებით საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით COVID-19-ით​ ინფიცირებულთა დაბალი მაჩვენებელი, ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გატარებული ეფექტური ქმედებების, ხელისუფლების და საზოგადოების დამსახურებაა.

დეზინფორმაციის კონტექსტში კვლევის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შეფასება აღმოჩნდა. კვლევის მიხედვით ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

დღის ამბები