29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
40 დღე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან - გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ ეს ბრალი არავისთვის წარუდგენიათ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ფეხბურთელის ოჯახი კვლავ გამოძიების დასრულებას ელოდება. ისინი დღეს, მეგობრებთან ერთად გიორგის საფლავზე შეიკრიბნენ. გარდაცვლილის ახლობლებს შაქარაშვილზე წარსულში საუბარი უჭირთ.

გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგაც საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. იკითხებიან ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულების სტუმრები, პარალელურად, პროკურატურამ სრულწლოვანი 11 პირის საქმე ცალკე წარმოებადაც გამოყო. ამის მიზეზი ჩასატარებელი კონკრეტული საპროცესო მოქმედებებია. ფაქტზე უკვე ინფორმირებულია ფეხბურთელის ოჯახი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. 6 არასრულწლოვანის პროცესი 31 ივლისსაა ჩანიშნული, 11 სრულწლოვნის კი 31 აგვისტოს. მანამდე სრულწლოვანი ბრალდებულების ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, ამბობენ, რომ მოსამართლემ დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს ტატიაშვილის ადვოკატი. ის მერსედესის ავტომობილის მძღოლია და არაგვის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების პირველ ეპიზოდში ფიგურირებს. ადვოკატი ამბობს, რომ გასაჩივრებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და ის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

სასამართლოს მოლოდინში არიან არასრულწლოვანი ბრალდებულები. პარასკევს მათი წინასასამართლო სხდომაა, სადაც მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს. ადვოკატთა ნაწილი ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა, მოლოდინი, რომ მათი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, არ აქვთ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებას ელოდება იუსტიციის მინისტრიც. წულუკიანმა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები