29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
რატომ ითხოვს გამოძიებაში FBI-ს ჩართვას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი - ადვოკატი ზეწოლასა და თვალთვალზე საუბრობს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ დღეს პირადად ისაუბრა მოთხოვნაზე, რომელზეც მისი ადვოკატი უკვე მეორე დღეა საუბრობს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საქმის გამოძიებაში FBI-ს ჩართვას მოითხოვს. მიზეზი, რატომაც მიმდინარე პროცესს არ ენდობა, როგორც თავად ამბობს, პასუხგაუცემელი კითხვები და პოლიციის კონკრეტულ მაღალჩინოსანთან მუშაობის გამოცდილებაა.

გამოძიების შესახებ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ აქტიურად მიმდინარეობს ბაჩალიაშვილთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა. ეს, განსაკუთრებით, ყოფილ თანამშრომლებს და კომპანია "ზეგ-ის" ხელმძღვანელობას ეხება, სადაც გოგონა პროგრამისტად მუშაობდა. ამ დრომდე, გამომძიებლებმა ვერ მოახერხეს მისი პირადი, ასევე, სამუშაო კომპიუტერების და ტელეფონის გახსნა. ამ მხრივ გამოძიების მიმართ უკმაყოფილებას კომპანიის იურისტიც გამოხატავს და მათ შორის რეპუტაციის შენარჩუნების მოტივით პროცესის დაჩქარების მომხრეა.

სწორედ კომპიუტერებისა და ტელეფონის მონაცემების შესწავლის მიზნით მოითხოვს საქმეში FBI-ს ჩართვას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამასთან, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ შემდგომში,
ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურო შესწავლილი ინფორმაციის შინაარსითაც დაინტერესდეს. დაშიფრული კოდებით დაცული ინფორმაციის მოპოვებამდე ადვოკატის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად იმ მასალების გადაცემა რჩება, რომელიც შედარებით ადვილად ხელმისაწვდომია. ეს ეხება საგზაო კამერების ჩანაწერებს, ძებნის პერიოდში გამოყენებული დრონების მასალას და ბოლო სატელეფონო საუბრების ამონაწერს.

უშუალოდ საქმის გამოძიების პროცესის გარდა უფლებადამცველებმა დღის ბოლოს სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ექმნებათ. ცენტრი "ემპათია" მათი წევრი ექსპერტის და მთლიანად ორგანიზაციის შევიწროებაზე საუბრობს. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ თვალთვალის, პროფესიული ღირსების შელახვის მცდელობის და სოციალურ ქსელში მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანიის ადრესატი ამჯერად ბაჩალიაშვილის საქმის გამო გახდა.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა. ჯერჯერობით, არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა წარმოდგენილი, რომელმაც გარდაცვალების კონკრეტული მიზეზები უნდა აღწეროს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონი აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები