29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
გაფრთხილება თუ ნაბიჯი ურთიერთობების გაღრმავებისთვის - მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას კომუნიკაციას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

მოახლოებული არჩევნები, სასამართლო სისტემა, ოკუპაცია და გლობალური პანდემია - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და პრემიერ მინისტრმა ტელეფონით ისაუბრეს. აშშ-სა და საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ფიგურების კომუნიკაციიდან მალევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. პომპეო მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და ხაზი გაუსვა რეფორმის ზედმიწევნით განხორციელების აუცილებლობას. სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, როგორც გადამწყვეტი ნაბიჯი უცხოური ინვეტიციების მოსაზიდად და, ამავდროულად, სიფრთხილე გამოიჩინონ, საქართველოში სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზირების წინააღმდეგ,"-ნათქვამია განცხადებაში.

საკუთარ "ტვიტერზე" გახარიასთან საუბრის შესახებ დაწერა მაიკ პომპეომაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის და მაიკ პომპეოს პარალელურად, განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც, თუმცა, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბოლო აბზაცად მოხვდა ის, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი და მაიკ პომპეო აქცენტს აკეთებენ. სასამართლოსა და არჩევნების საკითხებზე გიორგი გახარიამ "ტვიტერზე" დაწერა.

არჩევნები და მართლმსაჯულების საკითხზე გაამახვილა ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანის თქმით, ის, რომ ყველა მნიშვნელოვან თემაზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია საუბარია, ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე მიუთითებს.

მკაცრ გაფრთხილებად აღიქვეს ოპოზიციის ნაწილში მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას საუბრის შინაარსი. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი განმარტავს, რომ დიპლომატიურ ენაზე გაფრთხილება და მუქარა არ გამოიყენება და პომპეოს გზავნილები რეკომენდაცია და მოლოდინებია.

ოპოზიციის განცხადებები სასაცილო და სპეკულაციურია მთავრობის წევრებისთვის. ოპონენტების განცხადებები "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.

დღის ბოლოს პომპეო გახარიას სატელეფონო საუბარზე შეფასება საქართველოში ამერიკის ელჩმაც გააკეთა. კელი დეგნანის თქმით, ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს აქვს შანსი, კიდევ ერთხელ დაადასტუროს, თუ რამდენად ერთგულია დემოკრატიული პროცესებისადმი.

სატელეფონო კავშირი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ მინისტრს შორის გუშინ საღამოს შედგა და ის ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.

დღის ამბები