29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ვინ რამდენს თმობდა ოპოზიციაში და როგორი იქნება მათი ბრძოლის სტრატეგია რეგიონებში - მაჟორიტარულ ოლქებზე დავა გრძელდება

ვინ რამდენს თმობდა ოპოზიციაში და რის ხარჯზე? ბრიფინგიდან ბრიფინგამდე პოლემიკა პარტნიორებს შორის სულ უფრო მეტად მწვავდება. გიგა ბოკერიამ დღეს ის 2 შეთავაზება გაასაჯაროვა, რომელიც ოპოზიციურ მაგიდაზე განიხილება და რომლის მთავარი ადრესატიც "ნაციონალური მოძრაობაა".

პირველი ვარიანტით, გაერთიანებული ოპოზიცია ყოფილ სახელისუფლებო პარტიას 22 ოლქიდან ნახევარს უთმობდა, უარის შემთხვევაში კი "ევროპული საქართველო" მზად იყო, 8 დიდ ოლქში პოზიციები დაეთმო და სანაცვლო 4 ქალაქში "ნაციონალური მოძრაობისგან" მხარდაჭერას ითხოვდა. გიგა ბოკერიამ პარტნიორებს დღეს კიდევ ერთი შანსი და დროც მისცა. "ევროპულ საქართველოში" ისიც თქვეს, რომ საქმე მეორე ტურამდე არ უნდა მივიდეს, რადგან ხელისუფლების მარცხი უფრო მკაფიო იყოს.

პარტნიორებს დღეს კიდევ ერთხელ ვერ გაუგეს შეთავაზების ადრესატებმა და კომუნიკაციის ფორმაც ისევ დაუწუნეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა, რომ მათ ყველა სამაჟორიტარო ოლქში ძლიერი კანდიდატები დაუპირისპირონ. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ ბრძოლაში გადამწყვეტი არა მაჟორიტარული, არამედ პარტიული სიაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებას აპირებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კომუნიკაციის ფანჯარა პარტნიორებთან საბოლოოდ ჯერ არ დაუხურავთ.

მაჟორიტარებზე კოორდინაცია თუ კონკურენცია - ამ საკითხზე ოპოზიციურ ფლანგზეც აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიების ერთი ნაწილისთვის გამარჯვების ფორმულა რეგიონებში საერთო კანდიდატებზე გადის, მეორე ნაწილისთვის კი მნიშვნელოვანი მეორე ტური და პროპორციული სიაა.

"ლელოს" სტრატეგია უცვლელია. პარტია გეგმავს, რომ 30-ვე ოლქში დამოუკიდებლად სცადოს ძალები, თუმცა ლიდერები იმასაც ამბობენ, რომ ანგარიშს გაუწევენ რეგიონებში ოპოზიციის კონფიგურაციასა და კანდიდატებს.

"გირჩმა", შესაძლოა, სტრატეგია შეცვალოს და მაჟორიტარობისთვის ომში ჩაერთოს. ზურა ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ვაკის ოლქში მოხსნა, დღეს ამბობს, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებების პირობებში მაჟორიტარობისთვის თავადაც იბრძოლებს და მისი თანაპარტიელებიც.

ოპოზიცია ერთად თუ ცალცალკე - როგორი იქნება ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია რეგიონებში 2020 წლის ოქტომბერში ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა, როცა ლიდერები შეიკრიბებიან და პოზიციების დაახლოებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

დღის ამბები