29 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
რა დათმობებზე წავლენ პოლიტიკური პარტიები რეგიონების 22 ოლქში - ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებში, რომლებიც საარჩევნო დეტალებზე შეთანხმების მიზნით რამდენიმე თვის განმავლობაში "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებოდნენ, აზრთა სხვადასხვაობაა.

ნაწილი მიიჩნევს, რომ გამარჯვების გზა ერთობაზე გადის, ნაწილისთვის კი მაჟორიტარების შერჩევა კონკურენციაა. 

მაგალითად, "გირჩმა", შესაძლოა, ბრძოლის სტრატეგია შეცვალოს და იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება, ისიც ჩაერთოს მაჟორიტარული ოლქებისთვის ბრძოლაში.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ მისი პარტიის მთავარი სტრატეგიაა "ქართულ ოცნებას" რაც შეიძლება მეტი მანდატი დაათმობინოს:

"ჩვენი პარტია რჩება აბსოლუტურად ერთგული მთავარი სტრატეგიისა, რომ რაც შეიძლება ბევრი მაჟორიტარი დავათმობინოთ ქართულ ოცნებას," - აცხადებს ანზორ ბიწაძე. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ფანჯარა არაა დახურული.

როგორც "ლელოს" წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ "ლელოს" თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ მაჟორიტარ კანიდიდატს ყველა ოლქისთვის ამზადებს, არაა გამორიცხული მოხდეს კონკრეტული პიროვნებების ფაქტორის თუ მეზობელ ოლქში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება და გარკვეული კორექტივების შეტანა.

არჩევნების პროპორციული ნაწილის მოგებაზე აკეთებს აქცენტს "რესპუბლიკელების" ლიდერი:

"მე ვარ მეორე ტურის იდეოლოგი, ისინი არიან პირველი ტურის. იმიტომ რომ პროპორციული არჩევნებია 80%-ით და მხოლოდ 20% ირჩევა მაჟორიტარების, წმინდა პრაგმატულად და პრაქტიკულად პროპორციული არჩევნებია მოსაგები და თუ პროპორციული არჩევნების ღამეს 10-12 მანდატით უპირატესობა ექნება ოპოზიციას, ეს შექმნის გამარჯვების განცდას და არა მაინცდამაინც პირველ ტურში მოგება. სადაც მოვიგებთ პირველ ტურში კარგია, წაგვეხმარება, მაგრამ მთავარია პროპორციული სია," - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

რა დათმობებზე წავლენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რეგიონების 22 ოლქში მალე გახდება ცნობილი, ოპოზიცია შეკრებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებას გეგმავს, ამის პარალელურად "ევროპული საქართველო" მაჟორიტარების შეთანხმების დანარჩენ მონაწილეებს მოუწოდებს, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს და საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდნენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპოზიციას ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა, რომელიც სხვადასხვა ოლქების ერთმანეთისთვის დათმობას ითვალისწინებდა.

დღის ამბები