29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება - საგამოძიებო სამსახურმა 1 პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კახეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას - 7 303 ლარის ოდენობით," - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

გამოძიების პროცესში ბრალდებულის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული მიყენებული ზიანი.

დღის ამბები