29 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
კონკურენცია თუ პარტნიორობა რეგიონებში - ოპოზიციურ სპექტრში წინასაარჩევნო სტრატეგიაზე აზრთა სხვადასხვაობაა

გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" გეგმები ბრიფინგზე გაახმოვანა და მათ გადაწყვეტილების შესაცვლელად დროც მისცა. კონსოლიდაცია დედაქალაქში, კონკურენცია - რეგიონებში - "ევროპული საქართველოსთვის" წარმატების ფორმულა არ არის და დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდებს, ამომრჩევლების წინაშე რეგიონებშიც მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებით წარსდგნენ

შინაარსზე მეტად პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები პარტნიორების კომუნიკაციის ფორმამ გააკვირვა. კონკურენცია თუ პარტნიორობა რეგიონებში - ამ საკითხზე "ნაციონალურ მოძრაობაში" საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა პარტიული რესურსიდან გამომდინარე არც ამ შესაძლებლობას გამორიცხავენ. 

ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ბრძოლის გზა რომ ერთობაზე გადის, ამაზე ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი თანხმდება. ლიდერები, რომლებიც საერთო საარჩევნო სტრატეგიაზე შალვა ნათელაშვილის ოფისში მსჯელობდნენ, მიიჩნევენ, რომ 22 ოლქიდან პოზიციების დაახლოვება უმეტესობაში მაინც უნდა შეძლონ.

თუ პარტნიორობა კონკურენციით შეიცვლება, "გირჩი" საკუთარი სტრატეგიას გადახედვას და მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში შესაძლო ჩართვას არ გამორიცხავს, "ლელო" კი პოზიციას არ იცვლის და საკუთარი კანდიდატების დაყენებას აპირებს, მაგრამ არც გამონაკლისს გამორიცხავენ.

თაკო ჩარკვიანის, გიორგი ვაშაძისა და "ძალა ერთობაშიას" გზები დღეს საბოლოოდ გაიყარა. პოლიტიკური განშორების მიზეზებზე ბევრი არაფერი უთქვამთ, გადაწყვეტილება კი მოსახლეობის არჩევანს, სოციოლოგიურ კვლევებსა და მრავალპარტიულ პრინციპს დაუკავშირეს. "სტრატეგია აღმაშენებელი" - ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს სწორედ ამ სახელით შეხვდება. 

იმაზე, რომ უთანხმოების მიზეზი პოტენციური თანამდებობები, პარტიული სია და მაჟორიტარული კვოტებია, "ნაციონალურ მოძრაობაში" ღიად მიანიშნეს. უკმაყოფილებას არც მეორე მხარე მალავს. 

წინასაარჩევნოდ პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, მოხერხდება თუ არა შეთანხმება რეგიონებში - ეს უკვე კონსულტაციების საკითხია.

დღის ამბები