29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
პოლიციის მაღალჩინოსანი გენერალურ ინსპექციაში გამოკითხეს - უთხრა თუ არა ბაჭულაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის მამას, რომ მისი შვილი "შარში იყო"

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ბაჭულაშვილი, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის მამის ინფორმაციით, სწორედ ის სამართალდამცველია, რომელმაც ოჯახს უთხრა, რომ ახალგაზრდა ქალს პრობლემები ჰქონდა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დღეს ბაჭულაშვილთან შეხვედრას ცდილობდა. თითქმის 1 საათიანი ლოდინის შემდეგ კი გარდაცვლილის მამამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია პასუხის გარეშე დატოვა. ოჯახს აინტერესებს - რა პრობლემები ჰქონდა მათ შვილს და საიდან აქვს ეს ინფორმაცია სამართალდამცველ ბაჭულაშვილს.

ოჯახის ამ კითხვების შემდეგ ბაჭულაშვილი გენერალურმა ინსპექციამ დაიბარა. თითქმის 1 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, სამართალდამცველმა თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პრობლემებს არ იცნობს. თქვა ისიც, რომ კომპიუტერთან და მასალასთან შემხებლობა არ ჰქონია. ნიკოლოზ ბაჭულაშვილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ 23 წლის პროგრამისტის ძებნის პროცესში ოჯახთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო.

ბაჭულაშვილის განცხადებებს ბაჩალიაშვილის ოჯახის საპასუხო კომენტარები მოყვა. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ სამართალდამცველი იტყუება. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი ახლა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას აღარ ენდობა. მათი მოთხოვნაა საქმე უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს. დღეს ადვოკატმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, საქმეში ვიდეო-კადრები არ დევს და გამოძიებას გარდაცვლილი ქალის როგორც სამსახურის, ასევე პირადი კომპიუტერი ჯერ კიდევ არ გაუხსნია.

რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება - ოჯახს უამრავი კითხვა აქვს. ბაჩალიაშვილის მამა არც იმას გამორიცხავს, რომ მისი შვილის დაღუპვის მიზეზი მისივე საქმიანობა გამხდარიყო.

კომპანია "ზეგ"-ის ყველა თანამშრომელი უკვე გამოიკითხა, თუმცა გამოძიებას ოფისიდან ამოღებული კომპიუტერები, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი და მისი მობილური ტელეფონი ამ დრომდე არ შეუსწავლია. კომპანიის ადვოკატი თავის მხრივ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მისი საქმიანობა გამხდარიყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონი აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები