ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი კვლავ ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება. უკვე მეოთხე დღეა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გამკაცრებული რეგულაციები მოქმედებს. გაფართოებული ტესტირება უტარდება ადგილზე დასაქმებულ 6,000 ადამიანს. ამ დროისთვის ბაზრობაზე დასაქმებული 1,415 ადამიანი გამოიკვლიეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში დაინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 500-მდე ტესტი კეთდება, უახლოეს დღეებში ახალი შემთხვევების მატების რისკი კვლავ არსებობს.
კოვიდ ინფიცირებულთა კერა შესაძლოა ქუთაისის ბაზრობაც გახდეს, რადგან ლილოს ბაზრობაზე მომუშავე ვირუსიან მოვაჭრეს სწორედ ქუთაისის ე.წ. კეჩის ბაზრობაზე დასაქმებულთან ჰქონდა კონტაქტი. მას ვირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბაზრობების ტერიტორიაზე არსებული მომატებული რისკის გამო, საკოორდინაციო საბჭო პროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვით გაფართოებული ტესტირება შესაძლოა ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ბოლო 10 დღის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა მაჩვენებელია. ახალი შემთხვევებიდან 4 იმპორტირებულია, ერთის წყარო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ერთის კი - გაჩიანია. ბოლო დღეების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სპეციალისტების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
20-26 ივლისის პერიოდში საქართველოში კოვიდ ინფიცირების 98 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 22 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდანაა, 14 იმპორტირებული, ასევე 14-ია ერთ კვირაში დაინფიცირებული მედიკოსების რიცხვიც.
შემთხვევების მატების გამო, საგანგებო რეჟიმზე გადადიან საავადმყოფოები. ერთ-ერთი მათგანია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღება 1 ივლისიდან განაახლეს. ამჟამად კლინიკის ბოქსირებულ პალატებში ვირუსის მქონე 8 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1,137 შემთხვევაა, აქედან 922 გამოჯანმრთელდა.
ლილოს ბაზრობასთან ერთად ცხელ კერად რჩება გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სადაც 59 შემთხვევაა დაფიქსირებული, 29 - სოფელ ყარაჯალარს უკავშირდება. ეს სოფელი უკვე სამი დღეა ჩაკეტილია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 3,394 ადამიანი გამოიკვლიეს, 142 მათგანი კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
გარდაბანში დაფიქსირებული შემთხვევები, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების 4%-ს შეადგენს.