ქვემო სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. ჭარბმა ნალექმა, ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. ბუნებრივმა მოვლენამ არც ბუნება დაინდო. სეტყვამ ერთწლიანი კულტურები და ხე-მცენარეები გაანადგურა. მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.
სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ინფრასტრუქტურული ობიექტებიც. დაზიანდა სოფლის საბავშვო ბაღის შენობა. ძლიერმა ქარმა ნაგებობას სახურავი გადახადა. პრობლემა შეექმნა ელექტროგადაცემის სისტემას. რამდენიმე მონაკვეთზე ჩახერგილი იყო სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზები.
მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოლოდინი აქვთ ადგილობრივებს. ამ მიმართულებით დახმარებას ისინი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდებიან.
ზარალის აღწერა სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო. სტიქიის ზონაში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დაზარალებულები მხარის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის. ბიუჯეტიდან მისი კომპენსირების ხვედრითი წილი კი მოგვიანებით განისაზღვრება.